
„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იხტიბარს არ იტეხს, თუმცა ცხადია, ასეთი შედეგის მოლოდინი ნამდვილად არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში სცენებს არ დაამონტაჟებდნენ, ფოიერვერკების სროლას არ დაიწყებდნენ და იმ შამპანურს, რომელიც გახსნეს, როგორც მინიმუმ, გააციებდნენ მაინც მეორე ტურამდე.
კახიშვილის თქმით, საზოგადოებამ გამოხატა ჩუმი, მაგრამ ძალიან სერიოზული პროტესტი და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. ამით ამომრჩეველმა მმართველ გუნდს მიანიშნა, რომ ავანსად გაცემული ნდობის მანდატი, რომელიც ორი წლის წინ გასცა, იწურება.
„...თუ მმართველი გუნდი დაკავებული იქნება პრემიების აღებით, მანქანებისა და ტელეფონების ყიდვით და რაც ყველაზე მთავარია, არაპოპულარული კანდიდატების წარდგენით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო ცუდი შედეგით დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“.
... მგონი, თავად ბიძინა ივანიშვილიც დარწმუნდა, რომ, სამწუხაროდ, მართვის პრობლემა არის სახეზე. რეალურად ამას შეიძლება ჰქონდეს უფრო რთული შედეგები, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია...
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ პარტიები არ არიან გაერთიანებული ერთი იდეის გარშემო, ისინი გაერთიანებულები არიან იმ პრინციპით, რომ ხელისუფლებაში ყოფნა სურთ. იქ არიან პარტიები, რომლებისთვისაც უცხო არ არის პარტნიორის შეცვლა... ასე რომ, თუ 2016 წლამდე პროცესი ისე განვითარდა...
თუ ამ დროს "ნაცმოძრაობა" იქნება იმდენად გაძლიერებული, რომ მიმზიდველობის პოლუსი ექნება, მაშინ არ არის გამორიცხული, ამჟამად კოალიციაში შემავალმა პარტიებმა მათთან ღიად ან ფარულად ითანამშრომლონ. თუმცა მე დღეს ეჭვი მეპარება, რომ ახლაც არ მიმდინარეობს ფარული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს შორის...
გაუაზრებელი ნაბიჯები აქვს ხოლმე „ოცნებას“ და ესეც ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯი იყო. არჩევნების მეორე დღეს უკვე აცხადებდნენ, რომ მეორე ტურს ელოდებოდნენ და იმ შამპანურის გახსნა რაღა იყო მაშინ?
... სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან მოკლე დროში აღმოჩნდა იზოლირებული რეალობისგან, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან მასთან, მის მზეს იფიცებენ და მის ერთ გამოხედვაზე დნებიან, ვერ ხვდება ღარიბაშვილი, რომ ამავდროულად ძირს უთხრიან....
ამიტომ, თუ ღარიბაშვილი როგორც მინიმუმ, არ შეცვლის მინისტრთა კაბინეტს და პარტია „ქართულ ოცნებაში“ არ დაიწყებს ნამდვილად ღირსეული ადამიანების გაწევრიანებას, ძალიან მალე შეექმნება პრობლემები... არჩილ კბილაშვილსაც უცინოდნენ, მაგრამ რომ გადადგა, ერთმანეთს ასწრებდნენ პრესკონფერენციაზე კბილაშვილის უუნარობაზე საუბარს...“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
„ალია“