
„ალიასთან“ საუბარში უმრავლესობის წევრი, დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილს აწვდიან მცდარ ინფორმაციას, თითქოს ამ ქვეყანაში „ნაციონალები“ აღარ არსებობენ, საერთოდ გადაშენდნენ.
მისივე თქმით, ეგენი არც რაიონებში გამქრალან, არც ცენტრალურ რგოლებში და მეტიც, უკვე მუშტი-კრივზე გადმოდიან.
„ამერიკის ელჩი ფრიად შეაშფოთა იმ ფაქტმა, როდესაც ერთ-ერთ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მოსახლეობამ კვერცხები დაუშინა.
ნორლანდის თქმით, საფრთხილოა, როცა დასისხლიანებულ კანდიდატებს ვხედავთ, ეს კარგი არ არისო.
ხედავ, როგორ ამძაფრებს ეს კაცი? მე დღემდე კვერცხით დასისხლიანებული კანდიდატი არ მინახავს. არ ვიცი, შეიძლება ელჩმა ნახა ვინმე. ნორლანდი ამბობს, ბოლო 2 არჩევნებში რა სტანდარტიც დაფიქსირდა, იმის ქვემოთ არ უნდა წამოვიდეთო.
უკაცრავად, მაგრამ მანამდე რამდენი არჩევნები ჩაატარეს „ნაციონალებმა“, რამდენი გააყალბეს, ამაზე ვინმემ ხმა ამოიღო, ან ვინმე დაისაჯა? დაუკვირდი, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზეა ლაპარაკი, ისე წარმოაჩენენ, თითქოს მათ ყველაფერი გააკეთეს, საკითხი მიიყვანეს ბოლომდე და მხოლოდ ხელმოწერაღა დარჩა.
ამაშიც პლუსებს იწერენ, ჩვენ მოგიმზადეთ ყველაფერი, ბიჭო, აჰა, ჩადით ახლა და მოაწერეთ ხელი. ახლა არ გამიკვირდება, რომელიმე „ნაციონალი“ რომ გამოვიდეს და თქვას: ბაროზო რომ ჩამოდის, ეგ ჩვენ დროს იყო დაგეგმილი და ამისი დაანონსება დაგვავიწყდაო. ამ ადამიანებს არ რცხვენიათ!“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
დეპუტატის აზრით, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოსწორდება, ისევე არ გამოსწორდებიან მოსამართლეები და არჩევნების შემდეგ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ყველა ის კანონი, რომელიც სააკაშვილზე იყო მორგებული.
„კარგია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დასკვნამდე მივიდა და ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს გვაძლევს სტიმულს, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ რადიკალურად შევცვალოთ მიდგომები. როცა ირაკლი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, ეს ძალა გაქრება საერთოდო, ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ არჩევნების შემდეგ სერიოზული შეტევა იქნება.
აქ ორი მომენტია: პირველი - ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ იშტაზე მოიყვანოს ჩვენი მხარდამჭერები, მეორე - არ მინდა ეს ვერსია დავიჯერო და არ მინდა, რომ ასე იყოს... მას აწვდიან მცდარ ინფორმაციას, თითქოს ამ ქვეყანაში „ნაციონალები“ აღარ არსებობენ, საერთოდ გადაშენდნენ. ეგენი არც რაიონებში გამქრალან, არც ცენტრალურ რგოლებში და მეტიც, უკვე მუშტი-კრივზე გადმოდიან!
წარმოიდგინე, 2012 წლის არჩევნებიდან 2-3 თვეში რომ რომელიმე „ნაციონალი“ პოლიტიკოსი გამოსულიყო და ვინმესთვის ხელი დაერტყა, რა მოხდებოდა - ხალხი გამოვიდოდა და ასფალტზე დაშტამბავდა, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს ნიჰილიზმთან“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
„ალია“