
მსახიობი ცუცა კაპანაძე კარგა ხანია ამერიკაში ცხოვრობს. მისი თქმით, ქართველები სადაც კი შეიკრიბებიან, მაშინვე პოლიტიკაზე საუბარი იწყება.
„საქართველოში ხუთი წელია აღარ ვყოფილვარ და როცა ვრეკავ და ვეკითხები - რაიმე შეიცვალა-მეთქი? მეუბნებიან - სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას ცოტა ეშველაო, მაგრამ სამსახურები არ არისო, არჩევნებს ველოდებით და მერე მოგვარდებაო...
კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს მოვიშველიებ „დიდოსტატის მარჯვენიდან“ - „თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გვიშველის!“.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აქ, ნიუ-იორკში, როგორ არიან ქართველები გაყოფილები, ნათელ-მირონი ერთმანეთს არ ეპატიჟება - ის რომ დავპატიჟო „ოცნებისტია“, ის - „ნაციონალი“. ისევ პოლიტიკაზე ჩხუბი დაიწყება და მაგათი ნერვი არ მაქვსო, წარმოგიდგენია? ხომ ცუდი სიტუაციაა?
ეს ძალიან მძაბავს და პოლიტიკაზე ლაპარაკს როგორც კი იწყებენ, ვეუბნები ხოლმე - თუ აქ იმისთვის მოვედით, რომ ვისიამოვნოთ, ქორწილია თუ დაბადების დღე, ამ პოლიტიკას თავი დაანებეთ-მეთქი“, - ამბობს ცუცა კაპანაძე.
„გზა“