
"საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მას საგანგაშოს უწოდებს.
როგორც ხოშტარიამ „პირველ რადიოს“ განუცხადა, იმ მოვლენების ფონზე რაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვითარდება BBC-ის ტრიბუნა იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ხმა მიეწვდინა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
მისივე თქმით, ამ ტრიბუნიდან პრემიერმა ძალიან საზიანო და ლოგიკას მოკლებული გზავნილები გააჟღერა.
„მაშინ როდესაც შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას ემუქრება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ პერიოდშიც, ნატო-ს სამიტის წინა-შემდგომ პერიოდში ანუ საკმაოდ კრიტიკურ მომენტში ჩვენი ევროინტეგრაციისთვის; როდესაც პირდაპირ ღია მუქარები გვესმის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან; როდესაც ვხედავთ ეთნიკურ წმენდას აფხაზეთის ტერიტორიაზე და პირდაპირ ღია მუქარას; როდესაც მიდის საუბარი რეფერენდუმებზე ოსეთშიც და ევრაზიულ კავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე იგივე აფხაზეთში; როდესაც იბმება მავთულხლართები, ხდება ადამიანების გატაცება და რუსეთის პოლიტიკა ზოგადად რეგიონში არის ერთ -ერთ ყველაზე აგრესიულ ფაზაში მაშინ მთავარი ამოცანა ქვეყნის ხელისუფლების არის ამ საფრთხეების, რაც შეიძლება ხმამაღლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა. BBC-ის ეთერი და ტრიბუნა არის სწორედ ის ტრიბუნა , რომელიც იძლევა ამის საშუალებას.
როდესაც ამ სიტუაციაში ჩვენ აფსოლუტურად რეალობასთან არმყოფ გზავნილებს ვაგზავნით, რომ თითქოს რაღაც ნორმალიზება ხდება ეს არის ძალიან საშიში. და რომ მოხდეს მერე რას ვიზამთ? უი, შეგვეშალა და ახლა დაგვეხმარეთ? ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ინტერესებისთვის და გაუგებარია რა ლოგიკას ექვემდებარება“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ