-
2014-06-04 11:16
ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი პრემიები, ბევრისთვის ჯერ კიდევ დაპირებად დარჩენილი სამართლიანობის აღდგენა, ბიუჯეტის ხარჯზე არამიზნობრივად, ხშირ შემთხვევაში სმა-ჭამაში დახარჯული ათასობით ლარი და პრობლემების არაღიარება, რომელზეც საზოგადოების ნაწილი მუდმივად საუბრობს (მაგალითად ქვეყანაში გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება)... ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაც ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლების გაღიზიანებას იწვევს.
არჩევნები კარს არის მომდგარი. Ambebi.ge დაინტერესდა, ძირითადად რა თემები იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას ხელისუფლების მიმართ.
მამუკა არეშიძე (პოლიტოლოგი):
- გაღიზიანება ძირითადად იმედგაცრუებითაა გამოწვეული. ადამიანებს ყოველდღიურად უცრუვდებათ იმედები და ამან გამოიწვია გაღიზიანება.
ხელისუფლების მიმართ გაღიზიანების მოტივი მარტო ის კი არა არის, რომ არაფერი გაკეთებულა, არამედ ისიც, რომ მათ რაც გააკეთეს, ისიც კი ვერ მიიტანეს ადამიანებამდე; საზოგადოებამ ბევრ სიახლეზე არაფერი იცის.
დიდი უკმაყოფილება გამოიწვია პრემიების საკითხმაც. „ქართული ოცნება“ ერთადერთია კოალიციაში, რომელმაც დისტანცირება მოახდინა თავისი მხარდამჭერების და ფაქტობრივად, მიატოვა. გაღიზიანების თავი და თავი სამართლიანობის ვერაღდგენაა.
ხელისუფლების მთავარი დაპირება ეს იყო, მაგრამ მათ ეს ვერ შეასრულეს. ხალხის ეს იმედგაცრუება არჩევნების შედეგზე აუცილებლად მოახდენს გავლენას... ხმები გადანაწილდება, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხალხის დიდი რაოდენობა არ მივა არჩევნებზე.
გვანცა სოსელია, მოქალაქე:
- არჩევნები კარსაა მომდგარი და ხელისუფლებისაგან მხოლოდ ნეგატიურს ვხედავ. ძალიან გამაღიზიანებელი იყო მათი მხრიდან ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება... ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ და ძალიან მწყდება გული, რომ ამ კანონის გამო ძალიან ბევრი ამომრჩეველი დაკარგეს...
არჩევენებამდე კაციჭამიებად გვიხატავდნენ „ნაცებს“ და კოჰაბიტაციამ აქცია კარგებად?! სამართალის აღდგენა იყო პირველი, რის გამოც მხარი დავუჭირეთ და სადაა სამართალი? მე რო ფეხი გადამიბრუნდეს, ციმბირს უკან დამატოვებინებენ და „ნაციონალებს“, თურმე არჩევნებამდე არც კი შეეხებიან.
თუ არ ქონდათ რამის თავი, რაღატომ გვპირდებოდნენ?! არჩევნებიც ჩაივლის და საინტერესოა, მერე რას იტყვიან?! ამათ 2 წელიწადში იმდენი მოახერხეს, რომ ფაქტობრივად, მკვდარი „ნაციონალური მოძრაობა“ გააცოცხლეს და იმედია, იმდენს მაინც აღარ იზამენ, რომ ისევ ხელისუფლებაში დააბრუნონ.
თემურ ყიფშიძე, მოქალაქე:
- ახლა ყველაფერი მიშვებულია. ღამე ქუჩაში ვერ გახვალ. კრიმინალებს უკვე პოლიციის რიდი და შიში აღარ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება როგორ უნდა ინატრო ადამიანმა, მაგრამ მაშინ ქუჩაში გასვლის მაინც არ გვეშინოდა. გამოდის ის პატარა ბავშვი, მინისტრად რომ ყავთ და იძახის, კრიმინალმა მოიკლოო, მაგას იმხელა დაცვა დაჰყვება, რომ იმის იქით ალბათ, ვერ ხედავს რა ხდება, თორემ რამ მოიკლო, თითქმის ყოველდღე რომელიღაც უბანში მაღაზიებს აყაჩაღებენ...
ინტერნეტში შესვლა აღარ მინდა, ყოველი მეორე სურათი, პატარა ბავშვის გაჭირვებაზეა, რომელიც სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს და ამ დროს მინისტრის მოადგილეები ათი ათასობით პრემიებს იღებენ. თუ იმუშავე აიღე, ღმერთმა შეგარგოს, მაგრამ როცა ხელი არ გაგინძრევია, რაში იღებ პრემიას?!
გეკითხებით, რომელი სფეროა ისე წარმატებული, რომ ამხელა პრემიები აიღონ? თითქოს კომფორტი აკლდეთ და 4 - 5 თვეში ერთხელ ბოლო თაობის ჯიპებს ყიდულობენ. ადრე არჩევნების წინ მაინც ერიდებოდნენ ასეთი რაღაცების კეთებას და ახლა აღარაფრის რიდი არ აქვთ. „ნაციონალებს“ მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი ძლიერი ოპოზიციაა, თორემ ეგენი რომ კონტროლს არ გრძნობდნენ, ორ წელიწადში იზამდნენ იმას, რაც წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში ქნა.
ბუბა კიკაბიძე (მომღერალი):
- საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს. ადამიანი რაღაცით რომ განაწყენდე, ან გაღიზიანდე, ხომ უნდა ნახო, ან მოისმინო?! მე კი არც არაფერს ვუყურებ და არც ვუსმენ. არც ახლობლებს ვეკითხები, რა ხდება. ეს არჩევნებიც ისე ჩაირიხინებს, როგორც დანარჩენმა არჩევნებმა ჩაიარეს.
Ambebi.ge