
წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ წევრებს, პარტიიდან გარიცხავენ. ამის შესახებ განცხადებას კოალიცია ავრცელებს.
„საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნების“ რეგიონული სამსახური გმობს წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის ოფისში შეჭრის და პროვოკაციის მოწყობის ფაქტს. საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებას“ წყალტუბოს რაიონში გააჩნია ერთადერთი საარჩევნო შტაბი, რომელიც მდებარეობს რუსთაველის ქ#4-ში და მისი ხელმძღვანელია ჯემალ ფანცხავა. ნებისმიერი სხვა ჯგუფი, რომელიც საუბრობს წყალტუბოს შტაბის სახელით, არის არაკეთილისმოსურნე ძალების მხრიდან მართული და ცდილობს ხელოვნური პრობლემები შეუქმნას ჩვენი რაიონული ორგანიზაციის წინასაარჩევნო კამპანიას.
აღსანიშნავია, რომ ოფისში შეჭრილ ადამიანებს თან ახლდა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რამდენიმე წევრიც, რომლებიც უმკაცრესად იქნებიან დასჯილნი და დატოვებენ ჩვენი პარტიის რიგებს. გვჯერა, რომ აღნიშნულ ინციდენტს შეისწავლიან სამართალდამცავი ორგანოებიც და კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.“