-
2014-05-08 02:38
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებულმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელმა კვლევამ მთავარ კითხვას უკვე გასცა პასუხი: კვლევის მიხედვით დადასტურდა, რომ ომი 2008 წელს რუსეთმა დაიწყო.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია „მაესტროს“ ეთერში ხაზგასმით აცხადებს, რომ კითხვა: ვინ დაიწყო ომი? - საერთოდ არ დგას დღის წერიგში:
„ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს კითხვა არ დგას. ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.
ეს კვლევა დასრულებულია. გენერალურმა შტაბმა აპრილის ბოლოს წარმომიდგინა. ჩვენ გარკვეული კითხვებით უკან დავუბრუნეთ, რადგან მგონია, რომ კიდევ დარჩა გარკვეულ საკითხებზე პასუხები გასაცემი. როგორც კი სრულად იქნება წარმოდგენილი, ამის შემდეგ პოლიტიურ ხელმძღვანელობას, პრემიერ–მინისტრს, უსაფრთხოების საბჭოს წევრებს გავაცნობთ იმ ნაწილებს, რაც აუცილებელია იცოდნენ“,– განაცხადა ალასანიამ და დაამატა, რომ კვლევაში არის ნაწილი, რომელიც არ გასაჯაროვდება.
თავდაცვის მინისტრის ეს განცხადებაც და ზოგადად, თავდაცვის სამინისტროს კვლევაც, წინააღმდეგობაში მოდის კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერის, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოზიციასთან, რომელმაც თბილისში, თავის პირველ პრესკონფერენციაზე, 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა:
“პირველ რიგში, მე მოვიშველიებ ტალიავინის დასკვნას. მეორე რიგში, მე შეგნებულად წამოვიღე საბუთი. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც აძლევდა ხმას, დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები.
მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ, და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა. გახსოვთ, რომ ლიახვის სოფლები იბომბებოდა რაღაცა გაუგებარი ფორმირებებისაგან ოსეთის მხრიდან. ჩემი აზრით, სააკაშვილს აქ ჰქონდა ერთადერთი ქმედება, რომ დაეცვა ეს სოფელი კონკრეტულად, რამდენიმე მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა, საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა, რაც ხდებოდა.
ამის საპასუხოდ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად არაადეკვატური, გაუაზრებელი ქმედება - დაიწყო ცხინვალის დაბომბვა! ეს ფიქსირდება ყველგან ...., გარდა იმ სამი ტელეარხისა, რომლებიც მე უკვე ვახსენე და ამას გარდა, ბევრი საინფორმაციო საშუალება ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას დააჯერონ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვაგვარად.
ის, რომ მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, და ასე გადმოგვცემენ, სააკაშვილი ასე გადმოგვცემს დაახლოებით, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ!.."