-
2014-05-03 10:29
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საგარეო უწყების განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ „საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული საგარეო პოლიტიკური წელი“ იქნება და „ფეისბუქში“ წერს, რომ „ამათ“ მართლა არ ესმით, რა ხდება.
„წინასწარმეტყველები არა ვართ, უბრალოდ ფაქტები თვითონ მეტყველებენ იმაზე, რა მოვლენები ვითარდება ევროპის ცენტრში. 2014 წლის 2 მარტს "ივერიაზე" ითქვა:
"რუსეთს ომი... უკვე დაწყებული აქვს. კიდევ ერთხელ მათთვის, ვისაც არ ესმის, რა ხდება: უკრაინაში რუსეთმა, სამხედრო აგრესიის აქტის განხორციელებით, ომი დაიწყო".
დღეს სლავიანსკში რუსული იარაღით, მათ შორის ПЗРК-თი (!) (პერსონალური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი,- რედ.), კბილებამდე შეიარაღებული, ეუთო-ს დამკვირვებლების მძევლად ამყვანი (!!!), უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი რუსი ტერორისტები უკრაინის სამართალდამცავებს ხოცავენ.
უკრაინის ქალაქებში რუსი კოლაბორაციონისტების მეხუთე კოლონაა ამოქმედებული. გორლოვკაში სახელისუფლებო შენობებს იღებენ. ოდესაში ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერ მშვიდობიან დემონსტრაციას თავს ესხმიან. უკრაინის მიერ განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ფაშიზმის გამოვლინების" იარლიყის მიწებებას ცდილობს.
დღეს წყდება საკითხი, არის თუ არა "პოსტსაბჭოთა" სივრცე რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების სფერო, თუ ამ სივრცეში მცხოვრებ ერებს უფლება აქვთ თვითონ განსაზღვრონ თავისი მომავალი.
ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ყველაზე წარმატებულ საგარეო პოლიტიკურ წელს" გვპირდება.
ამათ მართლა არ ესმით, რა ხდება.
ალბათ საჩხერის "საგარეო პოლიტიკური დოქტრინის" ჭუჭრუტანიდან მსოფლიო სხვანაირად გამოიყურება...“, - წერს გრიგოლ ვაშაძე.