ვალერი გელბახიანი „ალიასთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთში გაგზავნილია დესპანები და ეუბნებიან, რომ ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკურ ნაწილს ხელი არ მოეწერება და ხელმოწერილი იქნება მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი.
ვალერი გელბახიანი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, საქართველო აუცილებლად შევა „ევრაზიულ კავშირში“.
„იქ არის ორი ნაწილი - პოლიტიკური და ეკონომიკური, თუ მთლიანად ეწერება ხელი პარაფირებულ ნაწილს, მაშინ ჩვენ გვინდა-არგვინდა, უკრაინის სცენარში ვართ, ამიტომ ეს არის ძალიან დიდი რისკი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ამ რისკზე არავინ წავა, როგორც ვიცი, საქართველოდან რუსეთში გაგზავნილია დესპანები და დაწყებულია მოლაპარაკებები, იქ მიდის ამ საკითხებზე საუბარი და შეთანხმება. კულუარული ინფორმაციით, როგორც ვიცი, ქართველები ეუბნებიან, რომ პოლიტიკურ ნაწილს არ მოვაწერთ ხელს, მხოლოდ ეკონომიკური ნაწილით შემოვიფარგლებითო...
დარწმუნებული ვარ, საქართველო შევა ევრაზიულ კავშირში. სავაჭრო თემად უნდა იქცეს ნატო, ისინი ჩვენ უარს გვეუბნებიან ნატოზე, ჩვენც უარს ვამბობთ ევროკავშირზე ასოცირების ხელშეკრულებაზე, ისევე, როგორც ხელისუფლებას შეუძლია ულტიმატუმი წაუყენოს რუსეთს, - მე მოვდივარ ევრაზიაში, ოღონდ ჩემი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში...“