-
2014-04-30 14:23
საკითხი დგას შემდეგნაირად, მივდივართ ევროპისკენ თუ ვრჩებით რუსეთში, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
"დღეს საკითხი დგას შემდეგნაირად - მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანი არ უნდა შევავიწროვოთ თუ არ ვიზიარებთ მის შეხედულებას, ან ვრჩებით რუსეთში. ასე რომ, რუსეთი თუ ევროპა?! ამ არჩევანს აკეთებს პარლამენტი და ქვეყანა და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ კანონპროექტზე მუშაობაში მჭიდროდ იყო ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის საპატრიარქო. "პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი არის შუალედურზე შუალედური ვარიანტი, რადგან მასზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მჭიდროდ იყო ჩართული ყველა დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლები. კანონპროექტის საწყის ეტაპზე არაერთი შეხვედრა იუსტიციის მინისტრმა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა, შედგა რამდენიმე შეხვედრაც, რომლის დროსაც ყველა კითხვას გაეცა პასუხი.
შესაძლოა, ყველა თემაზე არ იყოს აბსოლუტური კონსენსუსი, მაგრამ პარლამენტი და პარლამენტარები არანაკლებ ზრუნავენ არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ წარმატებებზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების მორალურ სტანდარტებზე და დაკავებულები ვართ ყველა იმ თემატიკის აწონ-დაწონით, რაც დღის წესრიგში დგას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ საკითხზე გადაწყვეტილება იქნება მისაღები, ჩემი კოლეგები ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.