-
2014-04-30 11:49
პოლიტოლოგი გია ნოდია ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეკლესია გამოიყენა და „გადააგდო“, რის გამოც ეკლესია წაგებული დარჩა.
პოლიტოლოგის თქმით, ახლა გამოჩნდება, რა შეუძლია ეკლესიას დამოუკიდებლად და „ცხოვრება უფრო საინტერესო გახდა“:
„შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბიძინამ შეიძლება ახალი ასპარეზი შეუქმნას "მესამე ძალას", რომელიც ცალსახად ეკლესიაზე იქნება ორიენტიებული. რამდენად გამოვა ეს ამბავი, სხვა საკითხია. შეიძლება თანმიმდევრულად ეკლესიური პარტიის ნიშის დასაკავებლად დაერიონ ერთმანეთს ვიღაცეები. ამას ვერ ვიწანასწარმეტველებთ, ეს საინტერესოა.
მოკლედ, ბიძინამ ეკლესია გამოიყენა (არჩევნების მოსაგებად) და გადააგდო. იმისდა მიუხედავად, რა იყო მისი მოტივები, ობიექტური შედეგი პოზიტიურია: ეკლესიას უთხრეს, რომ მის ჭკუაზე არ ივლიან. გამოვიდა, რომ მიშას დროს უკეთეს პოზიციაში იყო: მიშას ეშინოდა, რომ ეკლესია ღიად გადავიდოდა ოპოზიციის მხარეს და ყველანაირად თაფლავდა.
ეკლესია აღმოჩნდა მდგომარეობაში, როცა ხელისუფლების შანტაჟი შეეძლო, და თავში აუვარდა. ახლა კი წაგებული გამოვიდა: საბოლოოდ, დაეხმარა ოპოზიციას, მოაშორებინა მიშა, და რა ხეირი? ახლა ვისთან აქვს წასასვლელი? ბურჯანაძის და ჯონდის ამარა დარჩა? შევდივარ მის მდგომარეობაში.
არა, ალბათ კიდევ გაიბრძოლებს. ახლა გამოჩნდება, რისი შნო აქვს დამოუკიდებლად. ან, მეორე ვარიანტი - გადაუგდებს ბიძინა ერთ-ორ ძვალს და დასჯერდებიან. ლოგიკურად, შიგნითაც შეიძლება გაუჩნდეთ პრობლემები. უფრო საინტერესო გახდა ცხოვრება“, - წერს პოლიტოლოგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.