
"ევრაზიის კავშირი – საქართველოს" ერთერთი ლიდერი ირაკლი ყიფიანი კინოს სახლის წინ, ნატოს საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების გარემოცვაში იმყოფებოდა.
მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოკადღებში მოხვდა ის უცენზურო ფრაზები, რომელსაც ირაკლი ყიფიანი კონტრაქციის მონაწილეების მიმართ იყენებდა. კადრებში ჩანან პოლიციელები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ყიფიანის ხმა და მიმართვის ფრაზები ესმით, მაგრამ რეაგირებას არ ახდენენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე აქციაზე, რომლებიც საქართველოში რუსეთის პოლიტიკისა და ე.წ. მეხუთე კოლონის მოქმედებას აპროტესტებდა, პოლიციელებმა საჯარო თავშეყრის ადგილზე ბილწსიტყვაობისთვის რამდენჯერმე დააკავეს აქციის მონაწილეები, მათ შორის ერთს ადმინისტრაციული წესით ფულადი ჯარიმა დაეკისრა იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინის მიმართ შეიგინა. "თავისუფალი ზონის" წევრის დაკავება მაშინ პოლიციამ იმით ახსნა, რომ პირი, რომელიც იყენებდა არაეთიკურ, უცენზურო ფორმულირებას, მათი თვალთახედვის არეში მოხვდა და ზომები მიიღეს.
ირაკლი ყიფიანი და "ევრაზიული კავშირი" საქართველოში ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდნენ. ყიფიანი სოციალურ ქსელებშიც აქტიურობს. მისი აქტივობის ამსახველ ფოტო–სქრინებს აქვე ვაქვეყნებთ. მასალას თან ერთვის ვიდეოც.
რედაქცია გაფრთხილებთ: ვიდეომასალაში გამოყენებულია არასტანდარტული, უცენზურო ფრაზეოლოგია. 16+