
2013 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსული შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებზე შვედმა დიპლომატმა მოგვიანებით, რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ პირადად გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს წამოიწყებდა.
„შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა ჰკითხა, აგრეთვე, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ახალი ტიმოშენკო გახდეს (უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, როგორც ცნობილია, პატიმრობაში იმყოფება).
პასუხად ბილდტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, უარესიც“ მოხდეს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ბატონ ივანიშვილს, რომ თუ ამ საქმეს წამოიწყებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, ამ ერთი საკითხით შემოიფარგლება მომდევნო რამდენიმე წელი, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ბილდტმა.
„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოში არსებობს „შურისძიების პოლიტიკის“ საფრთხე. ეს მოსაზრება მან გამოთქვა ბრიუსელში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეკითხვაზე, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ალბათობას ეხებოდა, ბილდტმა უპასუხა, რომ მართლაც ხედავს შურისძიების პოლიტიკის ტენდენციებს. მისივე თქმით, ათიოდე დღის წინ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა”.
რადიო „თავისუფლება“, 5 ნოემბერი, 2013.