
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ
კიბერთავდასმას Twitter-ზე გამოეხმაურა:
"კანადა გმობს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მავნებლურ კიბერ აქტივობებს", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასული წლის
28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის
ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია.
კიბერთავდასხმის შედეგად 15 000-ზე მეტ ვებ-გვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" [მე დავბრუნდები]. დაჰაკული საიტები
"პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებული
სამეფომ, ლიტვამ, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა, დანიის სამეფომ, ნორვეგიამ.
გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო
პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო
ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.
პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა
საქმეებში ჩარევას".