ძველი ინტერვიუ ახალი რაკურსით: რას აკრიტიკებდა ივანიშვილი ყოფილ ხელისუფლებაში, რაც ამჟამინდელსაც ახასიათებს

Image

2011 წელს „როიტერის“ შემდეგ ია ანთაძე რიგით მეორე ჟურნალისტი იყო, ვინც ოპოზიციაში მყოფ, ქართულ პოლიტიკაში ახალმოსულ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მას ინტერვიუ ჩამოართვა.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან, რომელიც საშუალებას მისცემს მკითხველს, შეადაროს, დაემთხვა თუ არა ინტერვიუდან სამი წლისა და ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წლისთავზე ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი ხედვა და ის ქმედებები, რითაც 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ დაგვამახსოვრა თავი, ასევე, რამდენად გამართლდა ივანიშვილის პროგნოზები და დაპირებები ეკონომიკასთან, გლობალურ პოლიტიკასთან, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში.

 

ბიძინა ივანიშვილი:

 

„ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს.“;

 

„შეკითხვა: - თუ ხელისუფალი იმას აკეთებს, რაც მას სურს, ესე იგი, ქვეყანაში ავტორიტარიზმია. ბიზნესიდან წამოღებული რა გამოცდილება გამოგადგებათ პოლიტიკაში და რამდენად ხართ მზად კომპრომისებისა და შეთანხმებებისთვის?

 

- სინამდვილეში, ძალიან ბევრია საერთო, განსხვავება კი - ცოტა. ჩემს კომპანიებში, სადაც 100 000 კაცი მუშაობდა, ყოველთვის 10-12 კაცთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებას. ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი. არ შეიძლება, კაცმა წარმატებას მიაღწიო, თუ შენ კარნახობ ყველას, რა უნდა გააკეთოს - როგორც ჩვენი მთავრობა იქცევა.

 

ვინც წარმატებას მიაღწია - და მე არ ვიქნები გამონაკლისი - ის ყოველთვის მაქსიმალურ ოპონირებას მოითხოვს, რათა შეცდომა არ დაუშვას. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას.“;

 

„ბიზნესმენი თანდათან იზრდება და თვითონ ქმნის თავის სამოქმედო არეალს, პოლიტიკოსი კი მოდის გამზადებულზე და საზოგადოებისგან უკვე შექმნილის მოხმარებას იწყებს. ნიჭიერ პოლიტიკოსს შეუძლია - და ამის მაგალითი ბევრია - რომ სახელმწიფოც განავითაროს და სკამიც შეინარჩუნოს. უნიჭო და ნაკლებად ნიჭიერი, რომელიც ორივეს ერთად ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე სკამს აყენებს და ყველაფერზე მიდის მის შესანარჩუნებლად.

 

გააჩნია, რა დონეზე მისცემს ამის უფლებას საზოგადოება. სინამდვილეში, სხვაობა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს შორის არც თუ ისე დიდია მართვის კუთხით“.;

 

“თანამდებობის პირთა მუდმივი გადაადგილებები საბავშვო თამაშებს ჰგავს. მართლაც ქმედუნარიანი მთავრობა ცოტა სხვანაირ შედეგებს მიიღებდა. ქმედითი შექმნეს ფულის შეგროვების მექანიზმი ბიუჯეტში, რაშიც მეც მივეხმარე და რასაც შევარდნაძის მთავრობა ვერ ახერხებდა.

 

სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ უნდა მოკრიბოს გადასახადი. საგადასახადო სამსახურში და საბაჟოზე ფულის დიდი ნაწილი ადგილზე რჩებოდა და ნაწილდებოდა, იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტში წასულიყო.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. პირველ ეტაპზე ეს იყო ეფექტური, როცა ბიუჯეტს თავისი სახე მიეცა. რაღაც ინვერსტიციები შემოვიდა, მშენებლობები დაიყო, მაგრამ დიდი და სერიოზული ინვესტიცია აქ არ განხორციელებულა.

 

ფულის შეგროვება რომ მოახერხეს, ეს ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, წარმოუდგენელია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც ფინანსთა სამინისტროში ხდება. ან რას ჰგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?! ფინანსთა სამინისტრო და ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ გადაიქციეს. ატარებენ კონცერტებს, უაზრო ღონისძიებებს, ეს ნონსენსია.”;

 

„... [2007 წელს] ტელევიზორის ყურება დავიწყე და ამასობაში მივხვდი, რომ არ ყოფილა საქმე ისე, მე რომ მეგონა. თურმე, თბილისელები დასანახად ვეღარ იტანდნენ.

 

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დავინახე, რომ ამან საზოგადოების ისე განაწყენება მოახერხა, - ხმებს ვერ აგროვებს. ვუთხარი - ისე ჩანს, არჩევნებს ვერ მოიგებ-მეთქი. თავიდან იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამომიტყდა, მძიმედ არის საქმეო.

 

უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ დაწყებულის გაწყვეტა და პროცესიდან გამოსვლა ვერ ვიკადრე, მაგრამ კონტაქტი შევამცირე. ძალიან შემრცხვა ჩემი თავისა ამ ყველაფრის შემდეგ. განვიცადე, რომ სწორი პოზიცია ვერ დავიჭირე დროულად.

 

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცბა და მითხრა - მტოვებო? მე კი ვუპასუხე, რას ნიშნავს, გტოვებ - ინაუგურაციის დღე გაქვს, არჩევნებს ხომ არ იწყებ-მეთქი. ასე დამთავრდა ეს ამბავი“;

 

„ჩემთვის იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც და მეტიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია“.;

 

„...ახლა თქვენ მეუბნებით, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, თქვენც იმავეს ამბობთ და რატომ უნდა დაგიჯეროთო. რამდენიც უნდა ვირტყა გულში ხელი, რა თქმა უნდა, თეორიულად ამის საფრთხე არსებობს. თუმცა, იმისთვის, რომ მენდოთ, წარსულში უნდა გავიხედოთ, ჩემი გავლილი გზა უნდა გაითვალისწინოთ - რას მივაღწიე და რა დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ.

 

შეიძლება, მსოფლიოში ვერ ნახოთ მაგალითი, როცა კაცს პოლიტიკა კატეგორიულად არ უნდოდა და მაინც პოლიტიკაში მოვიდა. როცა ვამბობ, რომ ევროპელები შეიძლება გავაკვირვო დემოკრატიით, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რამის გაკეთება შედარებით იოლად შეიძლება. თუმცა, მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო.“;

 

„საზოგადოების დიდი ნაწილი გაატარეს პირობითი სასჯელების წნეხში. ეს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანები სახლებს ყიდიან, რომ ოჯახის წევრი ციხიდან დაიხსნან. წამლის ფული აღარ რჩებათ, ხალხი გაუგონარ სიღატაკემდე მიიყვანეს. ყველაფერს ყიდიან და ქუჩაში რჩებიან. არაფერი გააჩნიათ, გარდა ვალებისა.

 

- საქართველოს არაერთმა მოქალაქემ თავისი კუთვნილი ქონება, სხვადასხვა სახის ზეწოლის შედეგად, სახელმწიფოს აჩუქა. მათ უნდა ჰქონდეთ თუ არა იმედი, რომ საკუთარ ქონებას დაიბრუნებენ?

 

- მყისიერად ვერც ეს მოხდება, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ამ ხალხს არ დავეხმაროთ?! სამართლიანობა უნდა აღდგეს იმ სასამართლოს მეშვეობით, რომლის ჩამოყალიბებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.“;

 

„მინდა, რომ, პირველ რიგში, ჟურნალისტმა აჩვენოს სინამდვილე ისეთი, როგორიც ის არის და მეორე - ის იყოს ღირებულებების მხარეს. უნდა მოახერხოს, რომ კარგი და ცუდი გაარჩიოს და თუ ორივე ცუდია, გაარჩიოს, რომელია ცუდი და რომელი - უარესი“.;

 

„მე კარგად ვიცი თანამედროვე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის წამყვანი, არ არის “ორთქმავალი”. უმეტეს ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დოტაციაზეა. მაგრამ ყველა განვითარებული ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, აუცილებლად ინარჩუნებს სოფლის მეურნეობას.

 

ჩვენ, ტრადიციულად, აგრარული ქვეყანა ვართ, ამიტომ, სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენთან ადვილია. თუმცა, მთავარია ის, რაზეც ვისაუბრე ჩემს წერილში და რასაც ოცნების პროექტი დავარქვი: მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

 

ინტელექტი უნდა იყოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინტელექტი შენარჩუნდება საფინანსო ჯგუფებში, საბანკო სექტროში, თუ ეს სფეროები კარგად აწყობილი არ არის, ეკონომიკა არ განვითარდება. საბანკო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მაგრამ ეს სისტემა, ძირითადად, გამართულია.“;

 

„...ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაუძახებენ და რაღაცას მოსთხოვენ. მე ვიცი, რა აფრთხობს ბიზნესმენს. აუცილებელია სტაბილური პოლიტიკა. კანონდებლობა უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ჩინოვნიკს არ ჰქონდეს უფლება, კანონის ზევით ბიზნესმენს რაღაც მოსთხოვოს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მაქვს განცდა, რომ ამას მოვახერხებ. ჩინოვნიკი ბიზნესმენს თუ არ ჩამოეხსნა, ილუზიაა, რომ ევროპელები აქ ინვესტიციას ჩადებენ“.;

 

„ყველაზე მძიმე იქნება ჩემი მოსვლიდან 6 თვე, მაქსიმუმ, 1 წელი. ეიფორიაში მყოფ ხალხს ეგონება, ფულს დაგვირიგებენ და ყველანი უცებ გავმდიდრდებითო. მაგრამ ასე ვერ მოხდება. სიტუაციის აწონ-დაწონვა მოგვიწევს, როგორც ოჯახში - ამდენი და ამდენი ფული გვაქვს, როგორ მოვიქცეთ? შარვალი ვიყიდოთ? თეატრში წავიდეთ? ახალი სახლის მშენებლობა დავიწყოთ?“;

 

„...რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რომ ქველმოქმედება არ არის საუკეთესო გამოსავალი. ქვეყნისთვის საუკეთესოა სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანი თვითონ დასაქმდეს, თავისი ფული იშოვნოს. მეგობრები დავკარგე ამის გამო. თუ ეხმარები, დამოკიდებული ხდება და ვეღარ ინარჩუნებს ობიექტურობას.

 

მძიმეა, როცა თვალებში გიყურებს კაცი იმის გამო, რომ დავალებულია. ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, რომ ადამიანებს ეს არ სჭირდებოდეთ. ამ გაჭირვებულ ყოფაში სხვა ვერაფერი შევძელი და იოლი გზა ვნახე. უფრო დიდი დახმარება იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მე რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შემექმნა“.

 

„რუსეთთან დაკავშირებით ერთ-ერთი - და არა ერთადერთი - იმედი ისაა, რომ მასთან ინტერესების თანხვედრა მოხდეს. ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, მე მგონი, რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი. თუ რუსეთი გეგმავს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის დალაგებას, წინსვლას ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი ლოდივით ექნება ჩამოკიდებული. თანაც, ამას ძალიან კარგად იყენებენ მისი ოპონენტები და მუდმივად გამოიყენებენ მომავალშიც. გარდა ამისა, ეს თვითონ რუსეთის მდგრადობისთვისაც საშიშია. კავკასია ძალიან რთული რეგიონია და ამ მიმართულებით შესაძლებელია საქართველოს და რუსეთის ინტერესების თანხვედრა.

 

- თუ უშვებთ, რომ ისე წახვიდეთ ხელისუფლებიდან, ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღადგინოთ?

 

- რა თქმა უნდა. ამას ვაცნობიერებ. ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ეს ორ-სამ წელიწადში მოხდება, თუმცა, გამორიცხული არ არის.


- სულ რომ არ დაიძრას პროცესი ადგილიდან?


- ამას თითქმის გამოვრიცხავ. პროცესის დაძვრას აუცილებლად მოვახერხებთ. მტკიცე განცდა მაქვს, რომ ოდესმე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიან საქართველოში დაბრუნდებიან. ეს აუცილებლად მოხდება, ისეთ ვადებში რომ მე ნამდვილად მოვესწრები.


- ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?


- პირველი და გადამწყვეტია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი ქვეყანა; მეორე - ეს არის რუსეთთან ინტერესების თანხვედრა; მესამე - ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ამ სამი კომპონენტის ერთიანობა წარმოადგენს პრობლემის გასაღებს“;

 

„...რითია გამორჩეული მაინცდამაინც სააკაშვილი? ჩვენც მოვახერხებთ, რომ ანგარიში გავუწიოთ და ყველაზე დიდი სახელმწიფოს ინტერესები გავითვალისწინოთ. რას აკეთებს სააკაშვილი ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ? ამერიკა ისეთივე მსხვერპლია თავისი პროექტის - სააკაშვილის - როგორც ჩვენ. დღეს მისთვის იმდენადვე საინტერესოა სააკაშვილი, რამდენადაც - ჩვენთვის.

 

დღეს საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. ხელისუფლებამ მოახერხა ლობისტური ჯგუფების შექმნა, ამაში უამრავ ფულს ხარჯავს და ლობისტებს ერთი დავალება აქვთ, რომ აქ დაგვაჯერონ; გარეთ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენს გასაკეთებლს არავინ გააკეთებს.

 

მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.

 

ის, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა - არ არის პოლიტიკა და ამას მხოლოდ რუსეთთან ომის გამო არ ვამბობ. ომამდე მათ, ფაქტობრივად, მოახერხეს და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს რუსეთთან, სააკაშვილის არადიპლომატიური, ემოციური, გაუაზრებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო საქართველოსთვის დაიკეტა რუსული ბაზარი, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ამ ბაზრისკენ გარბის.

 

და არც ომის შემდეგ გადაუდია ვინმეს ჩვენთვის თავი. ყველა ცდილობს, რომ რუსეთს ზედმეტად არ აწყენინოს. ამათ ეს მოახერხეს. ღვინო ვეღარ გააქვთ რუსეთში და გააქვთ ჩინურ ბაზარზე. ჩინელები კიდევ ღვინოს არ სვამენ...“

 

„- როგორ მოახერხებთ, თავი დაიცვათ იმ მლიქვნელებისგან, ვინც თქვენსა და საზოგადოებას შორის ჩადგომას შეეცდებიან?

 

- მოვახერხებ, მოვახერხებ. ჩემი წარმატების საფუძველი - თუ თქვენც იზიარებთ, რომ წარმატებული ვარ ბიზნესში - ზუსტად ის არის, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ადამიანებში. თუ ადამიანს ცოტა რამ აკლია წარმატებისთვის, ვეხმარები, რომ სწრაფად ჩამოყალიბდეს - ეს კარგად ვიცი. ყველაზე ნაკლებად ამის მეშინია.

 

რადგან ეს იყო ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი - კარგად ვერკვეოდი, კარგად ვაყალიბებდი და კარგად ვეხმარებოდი. რუსეთში პირველი კოლეჯი მე შევქმენი, ლექტორი ვიყავი და უამრავი კადრი გავზარდე. კადრების სამჭედლოს ეძახდნენ “როსიისკი კრედიტს”. მთელი საბანკო სექტორი უზრუნველვყავი, იმდენი ახალგაზრდა გავზარდე. ნადირობა იყო ჩემ მიერ გამოზრდილ კადრებზე“.;

 

„ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე.

 

შუა უნდა გაიკრიფოს. იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება.

 

მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს - დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა.

 

და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ.

 

ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს...“

 

ინტერვიუს სრული ვერსია

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

100K გამომწერი - ნინო ჩხეიძემ YouTuBe-სგან ჯილდო მიიღო

2021-09-24 18:32
ქართველმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ YouTuBe-სგან ვერცხლის ჯილდო მიიღო.

2021 წლის ფილმების ტოპ 5

2021-09-13 18:26
გიზიარებთ 2021 წლის ფილმების ტოპ 5-ეულს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია.

შეხვედრა ებრაელ მაყურებელთან - 30 სექტემბერს ისრაელში გრანდიოზული საღამო გელოდებათ

2021-09-10 13:09
ისრაელში, ქალაქ აშდოთში  მსმენელისა და მაყურებლის წინაშე მონატრებული ქართველი და ებრაელი...

ნინო ჩხეიძემ ჰოფბურგის სასახლეში კონცერტი გამართა

2021-09-01 19:00
მომღერალი ნინო ჩხეიძე დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ავსტრიაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა.
რჩეული ვიდეოები

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

უნდა გაუქმდეს თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი?

კი - 8.3%
არა - 8.3%
გადაიწიოს 23:00 საათამდე - 83.3%
ხმების რაოდნობა: 12
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.6582
0.0000
100
RUB
 - 
4.2765
0.0000
1
USD
 - 
3.1181
0.0000