ვინ და რატომ ჩაშალა სპორტის მინისტრის მოადგილის საგანგებო ბრიფინგი ახალი წლის წინადღეებში

Image

დღეს უკვე ცნობილია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი ერთერთი მოადგილე თამაზ თევზაძე, თუმცა, სამინისტროდან თევზაძის წასვლის პროცესი სულაც არ იყო ისეთი უმტკივნეულო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

 

ლევან ყიფიანსა და თამაზ თევზაძეს შორის დაპირისპირება კარგა ხანია, არსებობს: ის არ დაწყებულა გასული თვიდან და მიზეზი მეტად მარტივია: თევზაძეს არ მოსწონდა სამინისტროს მართვის ყიფიანისეული სტილი. დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც ყიფიანმა სამინისტროში რეორგანიზაცია წამოიწყო.

 

"რეორგანიზაცია იყო ხელოვნური. ამ წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რაც გამოიწვია იმ გზიდან გადახვევამ, რომლითაც ჩვენ მოვედით," - აცხადებს დღეს თამაზ თევზაძე.

 

„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მინისტრსა და მის მოადგილეს შორის დეკემბრის ბოლოს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა ხმამაღალ საუბარში და, ლამის, მუშტი-კრივში გადაიზარდა, რის შემდეგაც ყიფიანმა დაიქადნა, რომ ან ის იქნებოდა, ან თევზაძე.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ლევან ყიფიანმა თევზაძეს ჩვეულებრივი „საქმის გარჩევა“ მოუწყო იმის გამო, რომ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწყობილ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები დასახელდნენ და სადაც ზვიად სიჭინავამ საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი წარადგინა.

 

როგორც წესი და რიგია, ფედერაციამ ღონისძიებაზე მოსაწვევი ბარათი სპორტის სამინისტროშიც გაგზავნა, მაგრამ იქ ამ ღონისძიების იგნორირება გადაწყვიტეს, რასაც თამაზ თევზაძე კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. მინისტრის მიერ პირადად გაფრთხილების მიუხედავად, მინისტრის მოადგილე ღონისძიებაზე დასასწრებად წავიდა, რასაც ზემოთხსენებული გარჩევა მოჰყვა.

 

ამის შემდეგ ხდება ის, რაც, ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს: 29 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგი დაანონსა. სპორტის სამინისტროდან მისი დავალებით დაუკავშირდნენ სპორტის საკითხებზე მომუშავე თითქმის ყველა ჟურნალისტს და ყველას დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის ცნობა მიაწოდეს: მინისტრის მოადგილე საგანგებო განცხადებას გააკეთებს, თემა  - არ კონკრეტდება.

 

ბუნებრივია, ამ ანონსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ბრიფინგის დაწყებამდე ორი საათით ადრე დაანონსებული საგანგებო განცხადება ყველა ონლაინგამოცემისა და სხვა მედიასაშუალების ინტერესის საგანი იყო. ჟურნალისტები რაღაც საინტერესოს მოსასმენად ემზადებოდნენ, მაგრამ ცხადია, მედიელებთან ერთად, ბრიფინგის შესახებ ინფორმაციამ სპორტის მინისტრის ყურამდეც მიაღწია.

 

„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, ლევან ყიფიანი, რომელიც დაახლოებით უკვე ხვდებოდა, რა განცხადებასაც გააკეთებდა თევზაძე, სასწრაფო წესით დაუკავშირდა ირაკლი ღარიბაშვილს და მასთან აუდიენცია ითხოვა. პრემიერის მოუცლელობის გამო შეხვედრა ვერ შედგა, მაგრამ ღარიბაშვილმა ყიფიანისგან სიტუაციის აღწერა ტელეფონით მოისმინა და თავის მხრივ, ზომები მაშინვე მიიღო:

 

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, ჩვენი კულუარული წყაროს ცნობით, დანიშნულ ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე სუს-ის რამდენიმე, საგანგებოდ მსგავსი სიტუაციებისთვის შერჩეული წარმომადგენელი მივიდა. საინტერესოა, რომ ექსკლუზიური წყაროს ცნობით, მათ თამაზ თევზაძესთან კაბინეტში საუბარიც კი არ ისურვეს - მეტი ეფექტისთვის ის იქვე, სამინისტროს სადგომზე გაჩერებულ მანქანაში ჩაისვეს და „დამუშავებას“ შეუდგნენ.

 

ჩვენი წყაროს ცნობით, თევზაძეს კომპრომატები შეახსენეს და დაჰპირდნენ, რომ საგანგებო ბრიფინგის შედეგი მისი დაკავება იქნებოდა - ბრიფინგიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ვნებები ჩაცხრებოდა და მინისტრის მოადგილის სკანდალური გადადგომის თემა მედიის პირველი გვერდებიდან ჩამოვიდოდა.

 

იმის სანაცვლოდ, რომ ხმაურიანი განცხადების გაკეთებაზე უარს იტყოდა, თევზაძეს „წყნარად წასვლის“ პირობა მისცეს. ჩვენი წყაროს ცნობით, თევზაძე უცებ არ დათანხმებულა, მაგრამ საბოლოოდ გატყდა. ის მანქანიდან დაანონსებულ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გადმოვიდა, შენობაში შევიდა და უკვე შეკრებილი, დაინტერესებული ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.

 

მაშინ ბევრმა ჟურნალისტმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილე დაბნეული და, ცოტა არ იყოს, შეშინებულიც ჩანდა: საგანგებო განცხადების ნაცვლად მან გასული წელი შეაჯამა, ხაზი გაუსვა რამდენიმე მიღწევას, ვიღაცეებს მადლობა გადაუხადა და სწრაფად დაემშვიდობა გაოცებულ მედიელებს.

 

ჟურნალისტებთან ერთად ბრიფინგის დროს, დარბაზის უკანა რიგებში მინისტრის სხვა ორი მოადგილე და სუს-იდან მოვლინებული „მომრიგებლებიც“ ისხდნენ და, როგორც წყარო ამბობს, თევზაძის დაბნეულობაზე კარგადაც ხალისობდნენ, თუმცა, ცხადია, ჟურნალისტებისთვის თვალში საცემი ამაში არაფერი იყო, რადგან მანქანაში შემდგარ საუბარზე არავინ არაფერი იცოდა, მინისტრის მოადგილის ბრიფინგზე მისი კოლეგებისა და ორი უცნობის დასწრება კი აბა, რა გასაკვირი იყო...

 

საბოლოოდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც კარგი სექსის დროს: ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა - დღეის მდგომარეობით თევზაძე მსუბუქად აკრიტიკებს მინისტრს და ამბობს, რომ მას რიგ საკითხებში არ ეთანხმებოდა, ასევე, მინისტრიც უარყოფს თევზაძესთან რაიმე დაპირისპირების არსებობას, ამბობს, რომ ოჯახში ხშირად ხდება უთანხმოება, მაგრამ ის ოჯახის გარეთ არ უნდა გავიდეს და მადლობას უხდის თევზაძეს გაწეული მუშაობისთვის.

 

სინამდვილეში კი კიდევ ერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც ზემდგომის არასწორ, პოლიტიზირებულ მიდგომას აკრიტიკებდა და ამ მიდგომის შეცვლას ითხოვდა, მინისტრისა და ხელისუფლების ვერტიკალის ერთობლივი შეთანხმებით, თანამდებობისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივის გარეშე დარჩა...

 

ზოსიმე სექანია, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის"

 

რედაქციისგან: წერილის გამოქვეყნების შემდეგ "აფხაზეთის ხმის" რედაქტორს ბატონი თამაზ თევზაძე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხდა, რომ ჟურნალისტის მიერ აღწერილი სიტუაცია ამ სტატიის შუა ნაწილში ფანტასტიკის სფეროდანაა: "ის, რომ თითქოს მე დამაშინეს და უარი ვთქვი საგანგებო განცხადებაზე, ან ის, რომ თითქოს ყიფიანი იმის გამო გაბრაზდა, რომ მე ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე წავედი, სიცრუეა.

 

სინამდვილეში მსგავსი არაფერი ყოფილა, წინასწარ დაანონსებული საგანგებო ბრიფინგის დროს ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ არ ვეთანხმები რეორგანიზაციის კურსს. სხვა არც არაფრის თქმას ვაპირებდი. ამ წერილის პირველ და ბოლო ნაწილს ვეთანხმები, ნამდვილად ზუსტია, მაგრამ რაც შუაში წერია, რომ მე მანქანაში ჩამისვეს, დამამუშავეს, დამაშინეს და ასე შემდეგ, ასეთი არაფერი მომხდარა", - გვითხრა ბატონმა თამაზ თევზაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !