
ვარშავაში, აღმოსავლეთ პოლიტიკის საკითხებზე ფორუმი „X PAUCI“ გაიმართა, რომელსაც საქართველოდან რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ქართველ სტუმრებს შორის იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები: გიგა ბოკერია, გია ნოდია, ზურაბ ჯაფარიძე.
გიგა ბოკერია ფორუმზე სიტყვითაც გამოვიდა, ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე, უკრაინისთვის საქართველოს მხრიდან დახმარების აუცილებლობაზე, რასაც მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა თავს არიდებს, მაშინ, როცა უკრაინისთვის მხარდაჭერის ხელის გაწოდება ევროპას კიდევ ერთხელ დაუმტკიცებდა, რომ საქართველო მზადაა ევროპულ ოჯახში შესასვლელად.
აღნიშნული კონფერენციიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, კახა კოხრეიძის გამოსვლამ, რომელიც ბოკერიასთვის პასუხის გასაცემად წამოდგა, თუმცა როგორც ვიდეოში ჩანს, დაიბნა და საუბრის გაგრძელება ინგლისურ ენაზე ვეღარ შეძლო. ამიტომ დროებით შესვენება ითხოვა და განმარტა, რომ მცირე ხანში გააგრძელებდა სიტყვას.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ვიდეო სოციალურ ქსელში აიტაცეს და კოხრეიძის გამოსვლა ცინიკური კომენტარებით შეაფასეს.
ბევრს ეკა ბესელიას ცნობილი გამოსვლა გაახსენდა ევროსაბჭოში. "ტაბულას" რედაქტორმა, გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ასეთი მინაწერით გააზიარა ვიდეო: "გაიცანით ქართული ოცნების "გიგა" - გიგა გამოვიდა სიტყვით ამ კონფერენციაზე და ბ-ნი კოხრეიძე მას პასუხობს. რამდენ კონფერენციას დავსწრებივარ, ასეთი რამ არსად მინახავს". "სირცხვილი და თავის მოჭრა…" - ასე ასათაურებს აღნიშნულ ვიდეოს გოგა ხაჩიძე.
palitratv.ge