
„ალიას“ ინფორმაციით, ბიზნესმენი კოტე გოგელია რუსეთიდან თავისი ბიზნესების საქართველოში გადმოტანას აპირებს და ამ მიზნით სისტემატური შეხვედრები აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ერთ ჯგუფთან, რომლებიც ცდილობენ, დაალობირონ მისი ბიზნესინტერესები.
როგორც გამოცემა წერს, გოგელიას ფულის დაბანდება ნდომებია ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროებში, სასტუმროებისა და სათამაშო ბიზნესში, ასევე, სურს ჩაერთოს საქართველოში გაზის იმპორტში.
„მას რუსეთში რამდენიმე კომპანია აქვს, რომელთაგან ორი საკმაოდ სოლიდურია.
„პროგერტას“ ტერმინალები ნოვოროსიისკში მდებარეობს და ნავთობმომპოვებელ სამუშაოებს ემსახურება, ხოლო „კომანდიტსერვისი“ ქვანახშირის წარმოებითაა დაკავებული.
სწორედ „კომანდიტსერვისის“ მეშვეობით ნდომებია ჭიათურისა და ტყიბულის ქვანახშირის ათვისებაში ჩართვა. ამ ეტაპზე ტყიბულშიც და ჭიათურაშიც კერძო კომპანიები მუშაობენ და ცოტა რთული წარმოსადგენია, ეს კომპანიები როგორ უნდა ჩაანაცვლოს გოგელიას კომპანიამ ხმაურის ატეხის გარეშე.
თუმცა, არაფერია გამორიცხული. გარდა ამისა, გოგელიას რამდენიმე კაზინო და ტოტალიზატორების ქსელი ჰქონია რუსეთში და ამ ბიზნესის გადმოტანაც ნდომებია საქართველოში,“ - წერს გაზეთი.
„ალიას“ წყაროს ინფორმაციით, გოგელია მიიჩნევს, რომ მისი ბიზნესინტერესები საქართველოში სრულიად ლეგიტიმურია. მიუნიშნებია კიდეც, რომ ქართველი ხალხი მასთან ვალშია.
პარტია „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატთან ერთ-ერთ შეხვედრისას განუცხადებია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა ქართულ პოლიტიკაში, „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციის აქციებს და მის სხვა აქტივობებს სწორედ რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები აფინანსებდნენ და ერთ-ერთი თავად იყო.
მას უთქვამს, იმ ბრძოლას ვაფინანსებდი, რომელიც სააკაშვილის მოსაცილებლად მიმდინარეობდა, ამ წლების მანძილზე 5 მილიონი დოლარი დავახარჯე. 2011 წლის 26 მაისის აქციები, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დასასრულის დასაწყისად იქცა, ჩემი ფულითაც ფინანსდებოდა და რაც დავხარჯე, ის ფული, ცხადია, უკან უნდა ამოვიღოო.
გოგელიას დეპუტატებისთვის შეუხსენებია, რომ ქართული პოლიტიკა ყველასთვის ბიზნესის, ფულის კეთების საშუალებაა და გამონაკლისი არც თავად იქნება. იქვე განუცხადებია, მე ბიუჯეტის ფულის მოპარვას არ ვაპირებ, ისედაც ბევრი ფული მაქვს, უბრალოდ, ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება მინდა საქართველოში და ხელისუფლებამ, რომლის მოყვანისთვისაც რაღაც მაინც გამიკეთებია, ამაში ხელი უნდა შემიწყოსო.
კოტე გოგელიას გეგმები საქართველოში მარტო ბიზნესით არ ამოიწურება. მას პოლიტიკაში დაბრუნებაც ნდომებია. დიახ, დაბრუნება, რადგან ის ერთხელ უკვე იყო ქართულ პოლიტიკაში, როგორც „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი.
მაშინ ამ პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, პარტიაში კი ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე და სხვა ფიგურები იყვნენ.
მოულოდნელად, გოგელიამ პარტიის დაფინანსება შეწყვიტა და მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიაში ვიღაც ფულს „უტეხავდა“ გოგელიას და ამის გამო გაერიდა „ქართულ პარტიას“. დღეს ეს პარტია ისევ არსებობს და მისი თავმჯდომარე ისევ ირაკლი ოქრუაშვილია.
წყაროს თქმით, კოტე გოგელია და ირაკლი ოქრუაშვილი რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს და პარტიის მკვდრეთით აღდგენის გეგმა განუხილავთ. თუმცა, გეგმის თანახმად, მანამდე ჯერ პოლიტიკური გვამი, ირაკლი ოქრუაშვილი უნდა გაცოცხლდეს, როგორც პოლიტიკოსი და „მაესტრო“ ამ გეგმის ხორცშესხმაში დიდად წაადგებაო.
წყარო აცხადებს, რომ მალე სასამართლო „მაესტროს“ დამფუძნებელთა წილებს ყადაღას ახსნის, ღლონტი კი თავის წილს, არა რამდენიმე დამფუძნებელს გადაუნაწილებს, არამედ კოტე გოგელიას მეუღლეს, მაკა ასათიანს გადაუფორმებს.
„რას მიიღებს ამის საფასურად მამუკა ღლონტი, ეს, სავარაუდოდ მომავალში გაირკვევა. კი, მამუკა ღლონტი ამბობს, რომ მას ამ 15%-იანი წილის სანაცვლოდ არაფერი სურს და ის უშურველად უნდა გააჩუქოს, მაგრამ ეს ძნელი დასაჯერებელია.
ყველაფერს თავი დავნებოთ, 20 წელი ამ ტელეკომპანიის თანამფლობელია და ფულიც ბევრი აქვს ჩადებული მასში. გარდა ამისა, ღლონტისთვის ფული სულ ერთი ნამდვილად არ უნდა იყოს და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან მაკა ასათიანს ასეთი სოლიდური წილი აჩუქოს.
ლოგიკას და წყაროს ინფორმაციასაც თუ დავეყრდნობით, მამუკა ღლონტი ამ 15%-ს გოგელიას მიჰყიდის, მაგრამ ეს იმ დროს და ისეთ ვითარებაში მოხდება, როცა „მაესტრო“ და ამ არხზე ატეხილი აჟიოტაჟი აღარავის ეხსომება", - წერს "ალია".