
"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას "ყოვლად უპასუხისმგებლო და სამარცხვინოს" უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ უწყება "სამთავრობო პოლიტიკური კინკლაობის ფერხულში" ებმება.
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ყოვლად უპასუხისმგებლო, სამარცხვინოდ აფასებს.
"მაშინ როდესაც უკრაინაში საბრძოლო პატივით ემშვიდობებიან ქართველ მებრძოლს, რომელიც იბრძოდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და თავისუფლებისთვის, საქართველოს თავდაცვის უწყება აკეთებს ყოვლად უპასუხისმგებლო, სამარცხვინო განცხადებას.
ჩვენ, თავისუფალმა დემოკრატებმა, ყველაფერი გავაკეთეთ ჯარის და თავდაცვის უწყების დეპოლიტიზებისთვის, დღევანდელი ხელმძღვანელობა კი ერთვება სამთავრობო პოლიტიკური კინკლაობის ფერხულში და რაც ყველაზე მძიმეა, რთავს შეიარაღებულ ძალებსაც!
შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს ყოფილი ხელისუფლების ქმედებებსა და განცხადებებში, მაგრამ დღეს ასეთი განცხადების გაკეთება აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან და ვნებს პირადი შემადგენლობის საბრძოლო სულისკვეთებას", - ნათქვამია განცხადებაში.