
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა ტვ „მაესტროს“ გადაცემაში „სუბიექტური აზრი“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო კონკრეტული ფედერაციების საქმიანობაში არ ერევა და მის პოლიტიზირებას ან პოლიტიკური ნიშნით შეფასებას არ აპირებს, თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ფეხბურთის ფედერაციას „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინა“ უწოდა.
ლევან ყიფიანმა ფეხბურთის ფედერაციის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც გადაცემის წამყვანებმა შეკითხვა ფეხბურთის განვითარების ეროვნული გეგმის შესახებ დაუსვეს. ყიფიანის განცხადებით, მსგავსი გეგმა მანამდე არ არსებობდა:
„ფეხბურთის ფედერაციაში არსებობს პრობლემები, რომლებსაც ფრთხილად ვეკიდებით, მაგრამ მომავალ წელს ჩვენ ფედერაციაში ველოდებით არჩევნებს და იმედი გვაქვს, იქ გაიმარჯვებენ ჯანსაღი ძალები“, - აღნიშნა მინისტრმა.
გადაცემის ერთერთი წამყვანის ალექსანდრე ელისაშვილის კითხვაზე, ახლა ფედერაციის სათავეში მყოფი ძალები ჯანსაღია თუ არაჯანსაღი, ლევან ყიფიანმა უპასუხა:
„ეს არის, მე ვიტყოდი, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბ-ბინა“, თუმცა, თავი აარიდა დაეზუსტებინა, ვინ იგულისხმა ამ შტაბ-ბინის წევრებად კონკრეტულად: „ამას ჩემთვის შევინახავ“, - თქვა მან და შემდეგ დაამატა: „ხელმძღვანელები“.
ასევე, ლევან ყიფიანმა უარყო თემურ ქეცბაიასთან რაიმე სახის დაპირისპირება ან მის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტი, როცა წამყვანმა თემურ ქეცბაიას ფრაზა: „ორი წელია, ლევან ყიფიანი მე მებრძვის“ შეახსენა. ყიფიანი არ დაეთანხმა ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზედმეტი ბიუროკრატიული ზედნაშენია და უარყოფითად უპასუხა მის შეკითხვას: „თუ ამ სამინისტროს ზედმეტობა დამტკიცდება, მზად ხართ თუ არა, პირობითად, ქუდი დაიხუროთ და წახვიდეთ“?
ცნობილია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელების მიმართ მკვეთრი განცხადებები მანამდეც არაერთხელ გაუკეთებია. ის ცალსახად უპირისპირდებოდა ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას, რაც არაერთხელ გამოხატულა მის კომენტარებშიც და დებატებშიც პირდაპირი ეთერის დროს.