
„სახალხო კრების“ ერთ-ერთი წევრი ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს რეალურ სინამდვილეს უმალავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ დაუმალეს ივანიშვილს.
„არსებობს ასეთი ვერსიაც: თითქოს ირაკლიმ ნათესავები მოიშორა ბიძინა ივანიშვილის ხელით, თვითონ ზედმეტ თავის ტკივილს მოერიდა.
ბატონმა ბიძინამ ძალიან კარგად იცის, რომ სუს-ის უფროსის, მალხაზ ჩიკვილაძის გარეშე არც ერთ რაიონში არ ინიშნებოდა არავინ, დარაჯიდან დაწყებული, გამგებლით დამთავრებული...
უკვე დაიწყო რეგიონებში პოლიციის უფროსების გადაადგილება-გაშვების პროცესი. ძირითადად გაუშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ "ნაციონალებთან" მეგობრობაში, ურთიერთობასა და თანამშრომლობაში.
მაგალითად, ასეთი გახლავთ ვანო ბეგაშვილი, ქვემო ქართლის სუს-ის უფროსი. ასევე, აუცილებლად წავა სამსახურიდან სამცხე-ჯავახეთის სუს-ის უფროსი, დავით ლომიძე. მე ვიცი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნება მირიან მჭედლიშვილი.
ჩემი ინფორმაციით, ეტაპობრივად გაუშვებენ გამგებლების ნაწილსაც. მაგალითად, წალკის გამგებელს, ილია საბაძეს, რომელსაც პირდაპირ ჰქონდა ურთიერთობა და პირდაპირ იყო ჩართული ნავთლუღის სპეცოპერაციაში. რაღაც პერიოდში მოწმის სტატუსი ჰქონდა, მერე ესეც მოუხსნეს და გამგებლად დანიშნეს.
ერთი საკითხია საყურადღებო: ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ზვიად ჯანყარაშვილი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩემი დასაყრდენი ყოფილიყო და სულ გვერდით მედგაო. ეს გასაგებია, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ბატონმა ზვიადმა მოიყვანა სხვა ხალხი, რომელსაც ეყრდნობოდა.
...ჭორები ასევე გაავრცელეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც თანამდებობებს ჩამოაცილეს. ისინი დადიან და ამტკიცებენ, ჩვენ ვიყავით პრემიერის უახლოესი გარემოცვაო.
ბოლო დღეებში წინა პლანზე წამოიწია გუბერნატორების საკითხმაც. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე დადის და ლაპარაკობს, მე ვერავინ მომხსნის, ღარიბაშვილის წრიდან გახლავართო. სინამდვილეში არის აკაკი ჩხენკელის კაცი, რომელიც ასევე გაუშვეს თანამდებობიდან. მის განთავისუფლებაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ რატომღაც გადადეს.
სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, როცა მაჭუტაძე გუბერნატორად დანიშნეს, მან თავისთან მიიწვია ბიზნესმენები, ფულიანი ტიპები და უთხრა, პარტიას ფული სჭირდება, ეს ირაკლი ღარიბაშვილმა დამავალაო. წარმოგიდგენია? ბიძინამ და ირაკლიმ ვიღაცას დაავალეს, ფული მოგვიტანე პარტიაშიო... ამას ხომ მავანი და მავანი დაიჯერებს?“- აცხადებს ლაშა ამირეჯიბი.
„ალია“