
ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის თქმით, ამ მთავრობას კატასტროფული საკადრო პოლიტიკა დაღუპავს.
„ჩვენ გვჭირს მართვის უბედურება, მართვის არქაული ფორმა. ეს განაპირობებს კატასტროფულ საკადრო პოლიტიკას.
მერე რა, რომ ერთს მოხსნი და მეორეს დანიშნავ? რატომ მოხსენი, შე კაი კაცო, ინფრასტრუქტურის მინისტრი? ჯერ რატომ მოიყვანე, ვინ იყო, საიდან გაჩნდა? ვინმე იცის, ეს ხალხი საიდან მოდის?
ახლა მივადექით ამ მთავრობის ყველაზე დიდ შეცდომას: ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ უმუშავიათ, დღე და ღამ არ ურბენიათ ხალხში, უცებ აღმოჩნდნენ მაღალ ეშელონებში.
ესენი სადღაც იყვნენ, მერე მოიყვანეს და პირდაპირ დაახეთქეს მინისტრებად. დახეთქებული მინისტრები აკეთებენ დახეთქებულ საქმეს. ახლა გინდ დაიჭირე, გინდ გააგდე სამსახურიდან, რაღა მნიშვნელობა აქვს? კაცი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს სახელმწიფო მართვაზე, შეიძლება მინისტრად დანიშნო?
თავის დროზე მქონდა საშუალება, ამის თაობაზე ივანიშვილთან მესაუბრა და თავიდანვე დავსვი საკითხი: საჭირო იყო 15-20 კაცი. მკითხეს, რატომო? ერთნაირი შეხედულებების მქონე ადამიანებმა უნდა გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან, თუ აზროვნება არ არსებობს, თუ გეგმა არ არსებობს, მაშინ საერთოდ რაზე გვაქვს პრეტენზია?
ამერიკაში სოფლის მეურნეობის მინისტრად ვინც არ უნდა დასვა, არაფერი არ გაფუჭდება, იქ სისტემა მუშაობს. შეიძლება საქმე უკეთ არ წავიდეს, მაგრამ არც გაფუჭდება. აქ ვართ სრულ გაუგებრობაში, შედეგს იმკის ხელისუფლება და გაცილებით მტკივნეულად ვიმკით ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა“, - აცხადებს გიორხელიძე.
„კვირის ქრონიკა“