
უკრაინაში სახალხო ფრონტის ლიდერი ანტონ გერაშენკო, ქვეყნის შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძის დანიშვნის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ მთელი დღის განმავლობაში თავხედური სიცრუე ესმის იმის შესახებ, თითქოს ზღულაძის დანიშვნაზე მის მოადგილედ არსენ ავაკოვმა თქვა უარი.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც გაავრცელეს.
„მთელი დღის მანძილზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უმაღლესი რადას შს მინისტრი არსენ ავაკოვი თითქოს უარს ამბობს ეკა ზღულაძის მის მოადგილედ დანიშვნაზე სიცრუეა. ოჯახური მდგომარეობის გამო ეკა ზღულაძეს რვა დეკემბრამდე არ შეუძლია უკრაინაში ჩამოსვლა და ავაკოვთან შეხვედრა, მაგრამ სინამდვილეში არსენ ავაკოვი მიესალმება ეკა ზღულაძის, როგორც რეფორმატორის მისვლას შსს–ში.
გუშინ ავაკოვსა და ეკა ზღულაძეს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მათ დაგეგმეს სამომავლო უერთიერთთანამშრომლობის დეტალები.
მე პირადად გავიცანი ეკა ზღულაძე და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის რეფორმატული გამოცდილებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს არსენ ავაკოვის გუნდს,“– წერს გერაშენკო.
გერაშენკო ამბობს, რომ მან საუბრისას ეკა ზღულაძეს ჰკითხა, თუ რა იყო საქართველოში გატარებული რეფორმების წარმატების საფუძველი.
„მან უბრალოდ მიპასუხა: ჩვენ დავაკავეთ პოლიციის 1000 კორუმპირებული თანამშრომელი, 300 პროკურორი, 50 მოსამართლე და 7–8 მინისტრი.
ამის შემდეგ ყველას ესმოდა, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში აუცილებლად დაისჯებოდნენ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ასევე იყო, ერთიანობა პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ხალხს შორის, რომელმაც 2004 წელს 96%-ით აირჩიეს მიხეილ სააკაშვილი.
და რა თქმა უნდა, ეს შედეგი შესაძლებელი გახდა, რადგანაც სასამართლოს, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა უნისონში მოვიდა. როგორც ორკესტრი ასრულებს მარშს, ისე ხდებოდა საქართველოში. რეფორმაში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება, - ჰყვებოდა ეკა.
უკრაინაში ჯერ ასე არაა, მაგრამ აუცილებლად მივაღწევთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს!“– წერს გერაშენკო.