
აღნიშნული განცხადება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გამართულ საპარლამენტო განხილვაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
„ოპოზიციაში მთელი მოღვაწეობის დროს ამტკიცებდით, რომ ტოტალურად ვუსმენდით, ვძვრებოდით კომპიუტერებში, ლოგინებში.
როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, მას მიუტანეს თავის თანაგუნდელებზე გადაღებული სექსუალური კომპრომატები. მინდა გითხრათ, რომ ეს ბატონ ბიძინას შემთხვევით სრულიად არ უთქვამს.
თქვა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა და ამით სინამდვილეში "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეს" პრინციპით გასაგებად უთხრა მას, ვისაც უთხრა, რომ ფლობს გარკვეულ ფარულ ინფორმაციებს.
თან კაცი ამბობს, რომ ჭორაობა არ უყვარს და ასე საზიზღრად ჭორაობს, თუ როგორ დადიოდა ვიღაც დუბაიში, ვინ სად დადიოდა, ვინ ვის გაუღიმა.
თავად იყო ინიციატორი, ჭორი ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გავრცელებულიყო", - აღნიშნა კაკო ბობოხიძემ.