
მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებას" 12 დეპუტატი დატოვებს.
იგი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ეს დეპუტატები შეიძლება იყვნენ "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები და რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი. მიზეზად კი ასახელებს მონურ მორჩილებას, შეზღუდულ უფლებებს, კულუარულ გადაწყვეტილებებს, პოლიტიკაში უხეშ ჩარევებს სპეცსამსახურების მხრიდან.
დუმბაძის და "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებები სპეცსამსახურებთან დაკავშირებით, თანხვედრია.
„კოალიცია "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, ვინც ძალიან განაწყენებული გახლავთ. ორი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა, რასაც ხალხს დაჰპირდა "ქართული ოცნება", კოალიციაში არიან ადამიანები, ვისაც დამოუკიდებელი აზროვნება გააჩნიათ და ისინი არ ეგუებიან ამ უსამართლობას.
კოალიციის წევრები არიან ძალიან განაწყენებულები იმის გამოც, რაც "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ მოხდა, როცა "ნაციონალების" შეყვანით გაზარდეს უმრავლესობა. "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარებს იმიტომ იღებ, რომ უმრავლესობა გადაარჩინო და მეორე მხრივ, უმრავლესობიდან მურმან დუმბაძე გააგდო, პოლიტიკური პროცესი ასეთ უკანონობას არ ითმენს, 12 "ნაციონალს" მიიღებ კოალიციაში? "ოცნების" 12 წევრი გავა. ჩემგან განსხვავებით ისინი ჯერჯერობით ამ საკითხზე ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ, როცა ზღვრამდე მივლენ, ისინი აღარ გაჩერდებიან.
ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, ეს დასაფასებელია, რადგან დაიმსახურა. მაგრამ მისი ნებისმიერი წინადადება, შენიშვნა და აზრი, მისი კოალიციის ფრაქციაზე მისვლა და დაჯდომა, უკვე ნიშნავს ზეწოლას. ამიტომ, ბოლო წუთამდე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომ ის წასულიყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რადგან წავიდა, ქვეყანა უნდა მართოს ინსტიტუტებმა და კანონის უზენაესობამ. ეს არის ჩემი პრინციპი.
აჭარის უზენაესი საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება, აქედან 8 "ნაციონალია", 13 კოალიციურ რეჟიმშია. მე რომ "ნაციონალს" შევეკრა, ერთ დღეში ყველა კომისიის თავმჯდომარეს გავათავისუფლებდი, მაგრამ ასეთი რყევებით განა ქვეყანა მოიგებს?
ჩვენ კარგად ვიცით, რომ უმრავლესობაში ეს დეპუტატები დათო საგანელიძემ მიიყვანა, მაგრამ დათო საგანელიძემ უნდა იცოდეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას ძვირად დაუჯდება,- აცხადებს მურმან დუმბაძე.
„ალია“