
ქართველებო, გამოფხიზლდით. ნუ იქნებით ჩუმად, როცა სამშობლოს გვართმევენ,- მოუწოდა დღეს პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქემ რუსეთისგან მიტაცებული საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება საკუთარი გულიდან უნდა დაიწყოს.
,,თუ ჩვენი გულიდან და გონებიდან წავშლით აფხაზეთს, თუ ხმას არ ამოვიღებთ, მაშინ როდესაც აფხაზეთი იკარგება, მაშინ როდესაც რუსეთი სრულ სიჩუმეში გვართმევს საბოლოოდ აფხაზეთს, თუ ვიტყვით, რომ რა ვქნათ, დათვს ბაბაია დავუძახეთ, მაშინ ნამდვილად საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოსაც.
ვიდრე ფეხზე ვიდგებით, სანამ ხმას ამოვიღებთ, სანამ გავაპროტესტებთ, სანამ ვაჩვენებთ, რომ ქვეყანას ჰყავს დამცველები, მანამდე არ დავკარგავთ საბოლოოდ მას. საქართველოს მთელი ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ქვეყნის გამთლიანება ჩვენი გულებიდან იწყება. ამიტომ უნდა მოვსულიყავით აქ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ყველას ერთად შეგვეძახა - ქართველებო, გამოფხიზლდით.
ნუ იქნებით ჩუმად, როცა სამშობლოს გვართმევენ. ამისკეს შემძახებელი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობა და ის ხალხი, ვინც ახლა აქ ხართ", - განაცხადა ბაქრაძემ.