
პრეზიდენტის დებატებში გამოწვევა გაუგებარი ამბავია,პრეზიდენტის ნებისმიერი მიმართვა არ ნიშნავს აუცილებლად პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,პრეზიდენტის დებატებში გამოწვევა გაუგებარი ამბავია. საქართველოს პრეზიდენტი არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ფიგურა. პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი იმაზე თუ რამე ჩავარდნაა ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი მთავრობა და პარლამენტია. პრეზიდენტთან რა დებატები უნდათ პატივცემულ კოლეგებს მე არ მესმის.
საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია ანიჭებს საშუალებას გარდა ყოველწლიური ქვეყნის მდგომარეობის ამსახველი მოხსენებისა, მიმართოს საქართველოს პარლამენტსა და ხალხს. ამ მიმართვის ფორმატს პარლამენტში, პარლამენტი და პრეზიდენტი განსაზღვრავენ. პრეზიდენტს პარლამენტისთვის მიმართვა შეუძლია რამდენიმე ფორმით - მოგვმართოს საჯაროდ, გვთხოვოს მოსვლა პარლამენტში.
ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმის ნორმალური განმარტება და არა ის, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი მომართვა ნიშნავს აუცილებლად პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში და დიდ შეხლა-შემოხლას. საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მოგვმართოს რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევის მოსალოცად ან ყურადღება გააამახვილოს რომელიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც სადებატო არაფერია. პარლამენტის ბიურომ იმსჯელა და მივიდა დასკვნამდე, რომ დღევანდელი დღე უნდა იყოს მისი მოსმენის დღე და არა ჩვენი დებატებით ჩვენი მოსმენის დღე", - განაცხადა უსუფაშვილმა.