
„თუ ოპოზიციას სურს ჩემთან საუბარი, პრეზიდენტის კარი ღიაა მათთან სასაუბროდ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პოლიტიკურ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, შემოვიდეს დებატებში ჩემი ყოველწლიური მოხსენების ფორმატში, რომელიც დადგენილია პარლამენტის რეგლამენტით და კონსტიტუციით. მე ვხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას. საქართველოში პარტიათა არსებობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ოპოზიციას უნდა ჩემთან საუბარი, პრეზიდენტის კარი ღიაა მათთან სასაუბროდ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
მარგველაშვილმა განმარტა, რომ გამოსვლის ფორმატი პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული, ხოლო კონკრეტულად დღევანდელი ფორმატი, რომელიც კონსტიტუციის გათვალისწინებით, პირველად ამოქმედდა, პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა პრეზიდენტის ადმინისტრაციას.