
საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნამ, ბევრი გააღიზიანა და ღარიბაშვილს დიდ შეცდომად ჩაუთვალა - საკუთარი გუნდის და თანამოაზრეების მოღალატეს მინისტრის პოსტზე რა უნდაო.
ირკვევა, რომ ბერუჩაშვილის დანიშვნამდე, ღარიბაშვილს მისი კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეუთანხმებია.
იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე და რა არგუმენტები ჰქონდა პრემიერს ბერუჩაშვილის სასარგებლოდ, „ალიას“უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე ესაუბრა:
„სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, უხერხულობა მეც ვიგრძენი, მაგრამ შეიძლება ყველაფერი არ ვიცით, ჩვენზე მეტი იცის იმან, ვინც ეს გააკეთა ჩვენთან შეთანხმებით.
პრეტენზიები და განსხვავებული აზრი იყო, ზოგმა სკეპტიკურად შეხედა ამ საკითხს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მივედით კონსენსუსამდე. ბერუჩაშვილი ყველა საქმეში იყო ჩართული და სჯობს, ამ ეტაპზე მან გააგრძელოს.
პრემიერ-მინისტრმა დაგვისაბუთა, რომ მაინც გამოცდილი კადრია და შანსი უნდა მივცეთ. თუმცა მე არ მომწონს მისი წინა განცხადება და ცოტა გული მეთანაღრება.
... მოდით, ამას ღალატს ნუ დავარქმევთ, ასეთი მკაცრები ნუ ვიქნებით, რაღაც ემოციური ფონი იყო და არ გვინდა. ოღონდ ქვეყანა წინ წავიდეს და ყველა უნდა გამოვიყენოთ, მე ჩემს თავმოყვარეობას დავთმობ. ვნახოთ, შორს არ მივდივართ, ბოლოს და ბოლოს, თუ ვერ გაამართლებს, ცვლილებაც ჩვენი გადასაწყვეტია. იქნებ ამ ხერხმა გაამართლოს კიდეც?“- აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.