
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით", - უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში ხელისუფლებას წარმატება უსურვა.
"ვფიქრობ, საერთო სურათი ნათელია და მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ამ პროცესის მონაწილეს, ყველა კანდიდატსა და ამომრჩეველს.მიუხედავად ერთწლიანი პოლიტიკური რეპრესიებისა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, აქტივისტების დაშინებისა და დევნისა ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის დაინტერესებული სტაბილურობაში და მშვიდობაში, ამიტომ როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოზიცია დაინტერესებულები ვართ ამაში.
ვულოცავთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ, როგორც ცივილიზებული ოპოზიცია ღირებულებებისთვის ბრძოლას ცივილური მეთოდებით.
"ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად პრემიერის განცხადებისა, რომელმაც მიიღო 20 პროცენტზე მეტი წინასწარი შედეგებით, ამ მხარდაჭერაზე დაყრდნობით გავაგრძელებთ ყველა იმ საკითხის დაცვას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რა ღირებულებებზეც ჩვენ ვდგავართ და ეს ბრძოლა გაგრძელდება, ისე რაც შეეფერება ცივილურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით.
ჩვენ ვიბრძოლებთ ამომრჩეველთა მხარდაჭერის გაფართოებისთვის რათა, იმ გზით წავიდეს ქვეყანა, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ყველაზე სწორად", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება, ოპოზიციის განადგურებას ვერ მოახერხებს და ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა, ბოკერია აცხადებს, რომ მალე მათ რეალობასთან შეგუება მოუწევთ.
უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ახლა უკვე ხელისუფლება რეალურად გადაეცა ახალ გუნდს და ისინი დაპირებების ვერშეუსრულებლობის მიზეზად ვეღარ დაასახელებენ, იმას, რომ მათ სააკაშვილი უშლით ხელს.
"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები, ვუსურვებ წარმატებას ყველა იმ საქმეში, რომელიც ქვეყანას წაადგება", - აცხადებს ბოკერია.