-
2013-10-25 15:00
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ როგორც ვერასდროს იქნება თანხვედრილი მისი და ვლ. პუტინის იდეოლოგიები, ასევე ვერასდროს დაემთხვევა ერთმანეთს მისი და ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობები.
საქართველოს პრეზიდენტმა რიყეზე, ღია ამფითეატრის გახსნისას განაცხადა, რომ ის და ივანიშვილი სხვადასხვა პლანეტიდან არიან და ამის დასადასტურებლად, თავის გამონათქვამებს ივანიშვილის ციტატები დაუპირისპირა:
„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მე და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ. უფრო სწორად, მე ამ პლანეტიდან და ამ ქვეყნიდან ვარ!
ის ამბობს, რომ ეს შენობა (ამფითეატრი რიყეზე) და ეს ხიდი (მშვიდობის ხიდი) უნდა დაინგრეს; მე ვამბობ, რომ ასაშენებელი ბევრად მეტია.
მე ვამბობ, რომ საქართველო სახელმწიფოა, ივანიშვილი: „საქართველო პატარა სოფელია,“
მე ვამბობ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ის ამბობს, რომ „საქართველო არ არის მნიშვნელოვანი,“
მე ვამბობ, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი უნდა გახდეს, ის ამბობს: „საქართველოს არ უნდა გააჩნდეს არანაირი რეგიონული ამბიციები,“
მე არაერთხელ მითქვამს, რომ უნდა აშენდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, ის ამბობს, რომ სააკაშვილის ხუშტურებზე ფუფუნების საგნები აღარ აშენდება.
მე მთელი ეს პერიოდი ვამბობდი, რომ უნდა ვისწრაფოდეთ მომავლისკენ, ის ამბობს, რომ უნდა გამოვიძიოთ წარსული.
მე ვამბობდი, რომ არასდროს შევალთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ის ამბობს: „განვიხილავთ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეას“
მე ვამბობ, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში, თავს უნდა გრძნობდეს, როგორც სამშობლოში, უნდა იშრომონ, ისწავლონ, იბრძოლონ და თუ საჭიროა მოკვდნენ საქართველოსთვის, ის ამბობს: „მიკვირს, როდესაც თქვენი ქვეყანა გვერდითაა და თქვენ ცხოვრობთ საქართველოში,“
მე ვამბობ, რომ ქართველი ერი ბრძენია, ივანიშვილი ამბობს: „ქართველი ერი უმწიფარია,“
მე ვამბობ, რომ თბილისი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი, მან ამასწინათ თქვა: „პლეხანოვი დაანგრიეს,“
მე ვამბობ, სიღნაღი, ქუთაისი, მესტია, თელავი, ახალქალაქი, ზუგდიდი, ყვარელი, ანაკლია, ლაზიკა.. ის ამბობს: „ყველაფერი ფასადურია,“
მე მთელი ეს წლები გავიძახოდი: „ბათუმი!“, ივანიშვილი: „რა ბათუმი?!“
ჩვენი გმირია გიორგი ანწუხელიძე, ივანიშვილმა აპატია ლადო ბედუკაძეს და ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა ის.
მე ვამბობდი მთელი ეს წლები, რომ რუსეთი ოკუპანტია, ივანიშვილი: "საქართველომ გააბრაზა რუსეთი,"
მე ვამბობდი, რომ რუსეთი თავს დაგვესხა, ივანიშვილი: "ომი საქართველომ დაიწყო,"
მე ვამბობდი, რომ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოკუპანტად აღიარა, ივანიშვილი ამბობს: "უნდა გამოვიძიოთ ომის დაწყებაში სააკაშვილის დანაშაული,"
მე ვამბობ, რომ უნდა გავაპროტესტოთ და შევეწინააღმდეგოთ მცოცავ ოკუპაციას, ივანიშვილი კი ამბობს, რომ ეს გაუგებრობაა და რუსეთი სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
მე ჩავედი დვანში და ვამბობდი, რომ ყველანი იქ უნდა ჩავიდეთ, ივანიშვილი: "არ მცალია, ბევრი სხვა საქმე მაქვს, რა ვქნა ეხლა, ჩავიდე და ცრემლი ვღვარო ხალხთან ერთად?"
მე ვამბობ, რომ სერიოზულად უნდა გადავხედოთ საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაზე, ივანიშვილი: "ჩვენ დავეხმარებით რუსეთს ოლიმპიადის ჩატარებაში,"
მე ვამბობ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის ე.წ. გმირის, რომელიც ებრძოდა ჩვენ ქვეყანას, ანთებული ჩირაღდნის ქვეშ ჩვენი მონაწილეობა დასაფიქრებელია, ივანიშვილი: "დიპლომატიას ერთ მეჩირაღდნეს არ გადავაყოლებთ,"
მე არაერთხელ მითქვამს რომ მსოფლიომ აღიარა საქართველოს რეფორმები, ივანიშვილი კი ამბობს, რომ სააკაშვილმა მსოფლიო შეცდომაში შეიყვანა.
მე ვამბობ, რომ ხალხს მთავრობის მიმართ მოლოდინები უცრუვდება, ივანიშვილი კი ამბობს, რომ ყველა დაპირება გადაჭარბებით არის შესრულებული.
მე ვამბობ, რომ საქართველოში დასაქმება არ უნდა ხდებოდეს ნათესაური კავშირებით, ის ამბობს, რომ ნათესავების დასაქმება ქართული მრწამსია და სააკაშვილმა საერთოდ არ იცის რა არის ოჯახის სიყვარული.
ასე რომ, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. მე მაქვს პრეტენზია, რომ ის წარმოადგენს წარსულის საქართველოს, მე წარმოვადგენ მომავლის საქართველოს...", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.