-
2013-10-25 14:58
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ისეთი რეჟიმი, როგორიც სააკაშვილისა იყო, საქართველოს 22 წლის განმავლობაში არ ჰყოლია.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში მონაწილეობისას განაცხადა:
„ნაციონალურ მოძრაობას დღესაც სურს სიტუაციის აყირავება, მაგრამ ეს არ გამოუვა. თქვენ ვერც წარმოგიდგენიათ, რა საშიში ხელისუფლება მოვიშორეთ. ასეთი ხელისუფლება საქართველოს 22 წლის განმავლობაში არ ჰყოლია. ახლა იმით ამაყობს სააკაშვილი, რომ ხელისუფლება დემოკრატიულად გადავაბარეთო. ჩვენ დავდექით ერთად და ვაჩვენეთ მუხტი, ვერ გაბედეს, რომ სისხლისღვრაზე წასულიყვნენ. ოდესმე გეტყვით, კიდევ რა მანქანები გამოვიყენეთ...", – თქვა პრემიერმინისტრმა "კავკასიის" ეთერში.
ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ინფასტრუქტურის განვითარების ხაზსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რაც გაკეთდა, უხარისხოდაა გაკეთებული:
"რაც გააკეთეს, იმდენად უახრისხოდაა გაკეთებული, რომ ვერაფერში გამოიყენებ, ეს წყალში გადაყრილი ფულია. რა გააკეთეს? ერთი ქუჩა გაამწვანეს ბათუმში და ეგ იყო...", – თქვა მან.
"ახლა მთავარია, ყველა მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმის გაგრძელებას, რასაც მივაღწიეთ. თუ აქტიურობა არ იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 17–18%–ს მიიღებს და იმედგაცრუება დაიწყება. მერე ნახე შენ ამათი ყოყლოჩინობა... თუ აქტიურობა იქნება, მაშინ ესენი 10%–საც ვერ გადალახავენ. ძალიან მაგარი პრეზიდენტი მოდის. მეორე ტური არ იქნება, მაგრამ მარტო გამარჯვება კი არა, ისიცაა მნიშვნელოვანი, როგორ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის გამოხატვისკენ მოუწოდა.