საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ნაფიქრი არ ჰქონდა და ჟურნალისტებთან საუბრისას "გაცურა".
ამის თაობაზე ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" განაცხადა. პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მეორე ტურის მოსალოდნელობა არ იკვეთება და რომ გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამასთან, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "ყველანაირი კვლევის მიხედვით", დავით ბაქრაძე მეორე ადგილზეა.
ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს მსვლელობისაც ისიც აღნიშნა, რომ უკვე ჰყავს თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი, რომელიც "ძალიან ღირსეულია", თუმცა, მისი დასახელებისგან თავი შეიკავა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი სხვაობით გაიმარჯვოს და მაღალი მაჩვენებელი მიიღოს და დაამატა, რომ "40-45% ბევრს არა, მაგრამ ცოტა ხალისს" დაუკარგავს, რადგან რობოტი არ არის:
"არ გაგვივლია არავითარი რეპეტიცია. მოულოდნელი იყო რომ გამოვიდა გიორგი და თქვა, არ მივიღებ მონაწილეობასო. არ ველოდი მისგან. ის არის წესიერი კაცი. ამდენი არ მიფიქრია და უეცრად ,,გავცურე“ და ვუპასუხე ჟურნალისტებს. არ ვიფიქრე, იმაზე გიორგი რას იტყოდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, შემდეგ კი განმარტა, რატომ შეაჩერა არჩევანი მაინცდამაინც გიორგი მარგველაშვილზე:
მე გეტყვით, რატომ მომწონს გიორგი, აქაც გამოჩნდება: გიორგიც მოდის იგივე განცდით, ვალდებულების განცდით, იმდენ მაგალითს ვერ მოვიყვან, მაგრამ როდესაც "ექსპერტთა კლუბი" მყავდა, მე მათ ვუხდიდი ხელფასს, ერთადეთი ვინც უარი თქვა ხელფასზე, გიორგი იყო. მან მითხრა, რომ მე მყოფნის ჩემი ხელფასიო და მე ვალდებული ვარ მოვიდე და გავაკეთოო.
თუ დამჭირდება და გამიჭირდება, მოვალ და მეგობრულად გეტყვიო. მე ისე შევასრულებ ჩემს ვალდებულებასო. შეიძლება ცუდიც იყოს, რომ მას კარიერული განცდა არ აქვს. მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალ ეტაპზე,“- განაცხადა პრემიერმა.