-
2013-10-16 12:02
შსს-ს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებლის, ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილი იყო, როგორ გაიტაცეს უცნობმა კრიმინალებმა ციხის ყოფილი უფროსი ლაშა ბრეგვაძე.
ანი ნადარეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც კრიმინალებმა ბრეგვაძე გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, მას ფოტოები გადაუღეს და რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტს მის თვალწინ გაუგზავნეს მობილურის მეშვეობით, ხოლო ბრეგვაძეს დაემუქრნენ, რომ "ქურდების" უპატივცემულობას ძმრად ამოადენდნენ ყელში მასაც და ბაჩო ახალაიასაც. მოგვიანებით, ნაცემი ციხის ყოფილი უფროსის ფოტო ექსკლუზიურად "ზონანიუსმა" გაავრცელა.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი ბრეგვაძის გატაცებას „ქურდებთან“ მებრძოლებზე ნადირობის“ გაგრძელებად მიიჩნევს და წერს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, დავით ჩხიტუნიძეზე ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ.
რადიო "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ამ თემასთან დაკავშირებით შსს კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს.