
თბილისში, ორხევის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა შემთხვევა, რომელიც დღემდე არ გახმაურებულა: 20 წლის ბიჭს ყელში დანა რამდენჯერმე დაარტყეს, რის შედეგადაც ნიკოლოზ ორველაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას "თავისუფალი ზონა" ავრცელებს და ვიდეომასალის სახით აქვეყნებს ფარულ ჩანაწერს, სადაც მოკლულის ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე ჰყვებიან. ნიკოლოზ ორველაშვილი ორხევში დღეს დაკრძალეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის ღამეს ორხევში გზა გადაკეტილი იყო და სამართალდამცველების სიმრავლე შეიმჩნეოდა.
"ყოველ ხუთ წუთში რომ სხვაგან პატრული დარბის, რად მინდა, თუ 20 წლის ბიჭი დანით მოკლეს? ერთხელ დაარტყა დანა და რომ ვერ მოკლა, ეს ეხვეწებოდა, არ მომკლაო და გააწევინა ხელი და მეორედ ისე დაარტყა ყელში, რომ მოეკლა", – ამბობს ორველაშვილის ახლობელი.
ახლობლების ინფორმაციით ოჯახში, სადაც ჩხუბი დაიწყო, მოკლული ნაცნობმა პოლიციელმა მიიყვანა. პოლიციელის ვინაობა დაზარალებულმა მხარემ არ დაასახელა.
შსს–ს ინფორმაციით კი თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ბონდო ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ორხევის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1992 წელს დაბადებულ ნიკა ო-ს დანით ყელში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, საკუთარ სახლში დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ბონდო ტ. დანაშაულის ჩადენის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). – ეს ინფორმაცია შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა "თავისუფალ ზონას" მხოლოდ მას შემდეგ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდა, რაც ამ უკანასკნელმა მკვლელობის ამსახველი მასალა გამოაქვეყნა.