„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ მისსავე ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვესათაურად გამოტანილი ფრაზა მას საერთოდ არ უთქვამს და ცალკე გამოტანილია კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები.
გივი თარგამაძის განცხადება გოგა ხაჩიძის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა, რადგან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გივი თარგამაძის სახელით „ფეისბუქში“ დარეგისტრირებული გვერდი მას არ ეკუთვნის.
"აფხაზეთის ხმა" გივი თარგამაძის განცხადებას გთავაზობთ:
"ვინაიდან ,,ფეისბუქის" გვერდი, რომელიც ჩემი სახელითაა გახსნილი, სინამდვილეში მე არ მეკუთვნის, ვსარგებლობ გოგა ხაჩიძის გვერდით , რათა მოგახსენოთ დღეს ,,კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუს თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მომეხსენებოდა ძალიან ხშირი სამწუხარო პრეცენდენტები, როდესაც ხან ჟურნალისტი და ხანაც რედაქცია შეგნებულად ამახინჯებდა ინტერვიუს აზრს, გამოჰქონდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, ან სულაც მიაწერდა რესპონდენტს მისგან არ თქმულ სიტყვებს, მე მაინც, ჟურნალისტური კოლეგიალობიდან გამომდინარე დავთანხმდი, ვრცელ და გულახდილ საუბარს იმ იმედით, რომ ინტერვიუს ავტორთან ერთად მოვახრხებდი ამ ნეგატიური ტრადიციის დარღვევას.
მიწევს აღიარება, რომ ეს არ მოხერხდა. ქვესათაური ჩემგან არ თქმულ ფრაზას შეიცავს, ცალკე გამოტანილია კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებები, თავად ინტერვიუში სამ საათიანი საუბრიდან მოხვდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი, დანაწევრებული მცირე ფრაგმენტები, რომელიც არასგზით არ ასახავს ინტერვიუს არც აზრს, არც ლოგიკურ მიმდინარეობას, არც სულისკვეთებას.
ეს მოწმობს, რომ ,,კვირის პალიტრა" აგრძელებს ყვითელი პრესის წარმომადგენლის ფორმატით მუშაობას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ჩემს ამ გამოცემისადმი დამოკიდებულებას. რაც შეეხება 7 ნოემბერს ჩემს მიერ ნათქვამს: მინდა ერთხელ და სამუდამოდ შევიტანო სიცხადე ამ საკითხში. მე მაშინ სიტყვა-სიტყვით ვთქვი შემდეგი: ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს, არ დავუშვებთ რუსთაველზე რუსული დროშების ფრიალს, ჩვენ დავიცავთ რუსთაველს, დავიცავთ თბილისს, დავიცავთ მთელ საქართველოს.
რაც შეეხება სულს, ბუნებრივია, საუბარი იყო, არა საზოგადოების მიმართ რაიმე ფიზიკურ მანიპულაციაზე, არამედ ცალკეული ადამიანების სამოშობლოს მოღალატურ, ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ და გამყიდველურ სულისკვეთებაზე. რა თქმა უნდა, ამ ფრაზაში ნახსენები პრინციპების დაცვა დღესაც ყველა პატრიოტი ქართველის ვალად მიმაჩნია. გივი თარგამაძე."