არასამთავრობოები: ციხეებში ე.წ. "მაყურებლების" არსებობა დასტურდება

Image

„მაღალი ალბათობით, დგინდება ციხეში ე. წ. ,,მაყურებლების" არსებობა“,- არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვრცელი განცხადება გეგუთის ციხეში პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაავრცელეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"როგორც საზოგადოებისთვის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციითაა ცნობილი, 2013 წლის 13 მაისს, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასტიკად იქნა ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, რასაც ამავე წლის 23 მაისს მისი გარდაცვალება მოჰყვა. აღნიშნული საქმის გამოძიებამ მთელი რიგი შემაშფოთებელი გარემოებები გამოავლინა. როგორც ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია ცხადჰყოფს, 2013 წლის 12 მაისს, ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გეგუთის #14 დაწესებულებაში.

 

გეგუთის ციხეში განთავსებისას, ლევან კორტავასა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ - ილია შანშაშვილს შორის, ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ილია შანშაშვილმა ლევან კორტავასთან კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა, რასაც მოჰყვა რამდენიმე პატიმრის მიერ ლევან კორტავას განსაკუთრებული სისასტიკით ცემა, რომლის დროსაც მიყენებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციითვე, გამოძიების მიმდინარეობისას დაკავებულები არიან როგორც პატიმრის ცემაში უშუალოდ მონაწილე პირები, ასევე გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ილია შანშაშვილი. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდება ასევე წარედგინებათ: სამსახურეობრივი გულგრილობისთვის დაწესებულების თანამშრომლებს გიგა კოხოძესა და ალექსანდრე ბაბუნაშვილს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისათვის თენგიზ ნასარაიას. ვინაიდან მაღალი ალბათობით დგინდება ციხეში ე.წ. ,,მაყურებლების" არსებობა, აუცილებელია პროკურატურამ შეისწავლოს ამ ფაქტთან ციხის უფროსის, ბატონი მალხაზ სინაურიძის კავშირის საკითხი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მალხაზ სინაურიძეს 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე მიცემული აქვს ჩვენება რამდენიმე პატიმრის წინააღმდეგ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სინაურიძემ ჩვენება თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შეცვალა და განაცხადა, რომ ციხის ბუნტის ორგანიზატორი ბაჩო ახალაია იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების შეცვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში, იგი გეგუთის ციხის უფროსად დაინიშნა. გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება გეგუთის ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

 

საგანგაშოა, რომ გამოძიების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის ციხის თანამშრომელი პატიმარზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას (რასაც მოჰყვა პატიმრის ცემა და საბოლოოდ გარდაცვალება) ავალებდა იმავე დაწესებულების სხვა პატიმრებს, რომელთაც, სავარაუდოდ, გარკვეული კრიმინალური ავტორიტეტი გააჩნდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ე. წ. "მაყურებლები". აღნიშნული განცხადება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება პრობლემის აღიარება, თუმცა მის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა მსგავსი ტიპის ფაქტებმა, პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების შორის უკანონო კავშირებმა და დაწესებულებაში გარკვეული პატიმრებისთვის უპირატესობების მინიჭების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღოს.

 

ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური და დადგინდეს საკუთარი მოქმედებითა თუ უმოქმედობით, რამდენად მონაწილეობდნენ ხსენებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღალი თანამდებობის პირები. მიგვაჩნია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ციხის ხელმძღვანელობას აღნიშნული მმართველობის მეთოდების შესახებ არაფერი ცოდნოდა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ერთი მხრივ უზრუნველყოს კანონმდებლობის იმდაგვარი სრულყოფა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ციხეში არაფორმალური მართველობის განხორციელების საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ გააძლიეროს დაწესებულებებში შიდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სამინისტროს აღკვეთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის ფაქტები. მოვუწოდებთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებისა სამინისტროს: _ უმოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები; _ დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი; _ განახორციელოს სასჯელაღსრულებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილ იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები.

 

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, შეისწავლოს აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებები. ასევე მნიშვნელოვანია მიმართოს ძალისხმევა ამ და სხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მსგავსი პრობლემების გამოვლენის, პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. და საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს სასჯელაღსრულების სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის საჭიროებას. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმისგან დამოუკიდებლად, უმოკლეს ვადაში დაერთოთ ნება, განახორციელონ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ალტერნატიული მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს დაწესებულებებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, სამართალდარღვევათა პრევენციასა და არსებული გამოწვევების უკეთ გამოვლენას," _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !