რადიო „თავისუფლების“ ცნობით, საქართველო ყველაზე კრიმინალური ქვეყნების ხუთეულში მოხვდა. კრიმინალური ქვეყნების რიგითობა პატიმართა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა.
ამ მაჩვენებლით საქართველო მესამეა რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ. კვლევა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შეეხო.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო დღეების განმავლობაში კრიმინალური ფონი ქვეყანაში გაუარესებულია. ბათუმში, პიაცაზე 21 წლის ბიჭი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მკვლელობა მოხდა თელავშიც, სადაც 25 წლის ახალგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს.
კიდევ ერთი მკვლელობა, ამჯერად სოფელ კურდღელაურში მოხდა, სადაც ადგილობრივმა მკვიდრმა ცოლისძმა მოკლა.
რამდენიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდა თბილისშიც: ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ძარცვისა და პირადი ნივთების ქურდობა-დატაცების ფაქტებია გამოვლენილი: დაუდგენელმა პირებმა გურამიშვილის გამზირზე მარკეტი დააყაჩაღეს, უცნობმა პირებმა ტურისტებს ზურგჩანთა და მობილური ტელეფონი გასტაცეს, ხოლო 5 აგვისტოს, დილით ვაკის რაიონის გამგეობა თანამშრომლებს გაქურდული დახვდათ.