„ბოლო დროს შესამჩნევი დათბობის პროცესი მოსკოვსა და ბაქოს შორის ჩიხშია შესული. აზერბაიჯანი ბევრ დათმობაზე მიდის, მაგრამ „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯიუტობს, რაც კრემლს აღიზიანებს“.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული რეიტინგული გამოცემა „ენი მუსავატი“ რუსეთის სახელისუფლო წრეებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გამოცემის წყარო აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი უარს იტყვის „ევრაზიულ კავშირზე“, სიტუაცია კრემლსა და ბაქოს შორის საბოლოოდ გაუარესდება და ბაქოში დაგეგმილი ვლ. პუტინის ვიზიტი არ შედგება. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაწყებული საიდუმლო მოლაპარაკებები, გამოცემის მიხედვით, სწორედ „ევრაზიული კავშირის“ საკითხის განხილვისას შევიდა ჩიხში, რუსულმა მხარემ პროცესი შეწყვიტა და აზერბაიჯანს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადა 10 აგვისტოს იწურება: სწორედ ამ ხნის განმავლობაში ოფიციალურმა ბაქომ უნდა აცნობოს მოსკოვს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება „ევრაზიულ კავშირთან“ დაკავშირებით.
წყარო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება იძულებული გახდება, მოსკოვის მძიმე პირობებს დათანხმდეს: „რაოდენ დიდი არ უნდა იყოს ევროპის მხარდაჭერა, ბაქოს მოსკოვის პირობების მიღება მოუწევს, რადგან იგი უმწეოა რუსეთის აგრესიის წინაშე. ბაქოში ეს კარგად ესმით და ამიტომაც, კომპრომისზე სერიოზულად ფიქრობენ. თუ რუსეთის ულტიმატუმს არ დააკმაყოფილებენ, აზერბაიჯანის ლიდერები ხელისუფლებას და, მასთან ერთად, სიმდიდრესაც დაკარგავენ“, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა.