-
2014-03-28 18:01
რედაქციის გაფრთხილება: ფოტოსურათების მძიმე ვიზუალიდან გამომდინარე, არასრულწლოვნებსა და არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებს ვთხოვთ, მათი ნახვისგან თავი შეიკავონ.
ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ცხედრის ფოტომასალები გაავრცელა, სადაც აშკარად ჩანს დაზიანებები.
ადვოკატი თათუხაშვილის წამებაში ბრალს სამართალდამდცველებს სდებს. მისი განცხადებით, თითქმის არავინ ინტერესდება, ვინ და რატომ გაიმეტა სამშობლოსათვის თავდადებული, მრავალგზის ბრძოლაგამოვლილი გულადი ბიჭი.
ზაქარეიშვილი, ასევე სვამს კითხვას: „რითი იყო თათუხაშვილი გირგვლიანზე ნაკლები ვაჟკაცი?“
„ვაქვეყნებ რა შალვა თათუხაშვილის ნაწამები სხეულის ფოტომასალას, მსურს მცირე განცხადება გავაკეთო არა მხოლოდ როგორც ადვოკატმა, არამედ როგორც ერთერთმა რიგითმა მოქალაქემ:
ვაისამართალდამცავთა მიერ ნაწამები შალვა თათუხაშვილის დალეწილი სხეული, უკვე მერამდენე დღეა მის ოჯახში ასვენია, ხმის ამომღბი კი არავინ არის... თითქმის არავინ ინტერესდება, ვინ და რატომ გაიმეტა სამშობლოსათვის თავდადებული, მრავალბგზის ბრძოლაგამოვლილი გულადი ბიჭი.
თხოვნით მოგმართავთ ყველას – თუკი შემთხვევით სადმე გადააწყდეთ სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს, ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით, ნეტავი ხომ ჯანმრთელად ბრძანდება?!..
მაინტერესებს, სად არის საია–ს ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელმაც ლამისაა ერთბაშად შეითავსა საკონსტიტუციო თუ უზენაესი სასამართლოს ფუნქციები და ყველა საკითხზე უმაღლეს ვერდიქტორად გვევლინება. მიპასუხეთ, სად არიან პიარზე ორიენტირებული დანარჩენი ე.წ. უფლებადამცველები, რატომ დუმს საზოგადოება, ხმას რატომ არავინ იღებს?!
რამ დააბრმავა და დააყრუა ომის ვეტერანთა დეპარტამენტი, რომელთა დუმილი ყველაზე მეტად სამარცხვინოა?! რას უცდიან წინასაარჩევნოდ ხეირს დადარაჯებული პარტიები, ნუთუ შალვა თათუხაშვილი გირგვლიანზე ნაკლები ვაჟკაცი იყო?! სირცხვილი თქვენი!..
ცხონებული პრემიერ–მინისტრის ტუჩზე მცირედი დაზიანება აღმოაჩინეს და ლამისაა დედამიწა შეძრან... ყველა იმის გარჩევაშია – რამ მოკლა ბატონი ზურაბ ჟვანია და პირი რამ დაუზიანა... თათუხაშვილების ოჯახის ტრაგედია კი თითქმის არავის აინტერესებს... თითქმის არავინ სვამს შეკითხვას – საიდან გაჩნდა შალვა თათუხაშვილის სხეულზე მრავლობითი იარები, რომელთა ლოკალიზაცია უტყუარად მიუთითებს უსასტიკესი წამების ფაქტზე.
მაინტერესებს, რა არის საყოველთაო დუმილის მიზეზი?!
ნუთუ მხოლოდ პიარი, თვითრეკლამა და გამორჩენაა მთავარი, ხოლო სამართლიანობა პოლიტიკური გემოვნების მიხედვით – შერჩევითია?!
ჩვენს მიერ სიტყვიერად აღწერილი და დოკუმენტიდან ციტირებული შალვა თათუხაშვილის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები თქვენს გამოსაფხიზლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა... აგერ ბატონებო, ფოტომასალაც იხილეთ, ეგებ ახლა მაინც აღიქვათ მომხდარის არსი და მნიშვნელობა.
მერამდენე დღეა, სამართალს და თანადგომას ვითხოვთ, მაგრამ განმკითხავი არავინაა... ეს არის საქმე?! ეს არის ქვეყანა?!
ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ეს ეხება – ყოველი უბედურების სათავე უსამართლობაა!..
“არ იქნება სამართლიანიბა – არ იქნება მშვიდობა“!
მომიტევეთ ემოციისა და კრიტიკის ფორმისათვის, მაგრამ ვერ შევძელი სათქმელი სხვაგვარად მეთქვა! არავითარი პოლიტიკური ქვეტექსტი ჩემს განცხადებას არ გააჩნია!“.