-
2013-07-16 21:40
16 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის პროფესიული გადამზადების კოლეჯი მოინახულა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ კოლეჯი უკვე რამდენიმე თვეა აღარ მუშაობს:
"არავის ჯინაზე არაფერი არ უნდა გააჩერო, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება და დაპაუზებულ მდგომარეობაში გადადის. მინდა მივმართო მთავრობას, რომ არავის ჯინაზე არაფერი უნდა გააჩერო, რადგან ამ დროს ქვეყანა ჩერდება და დაპაუზებულ მდგომარეობაშია. ეს განათლების სისტემა 12 000 სტუდენტზეა გათვლილი.
ძალიან ბევრი პროფესიონალი პედაგოგია. მათი უმეტესობა ხელფასებს იღებს, მაგრამ თუ არ იმუშავა მხოლოდ ხელფასები საკმარისი არ არის. ეს 12 000 სტუდენტი მუდმივად, რომ სწავლობდეს საქართველოში, ჩვენ რამდენიმე წელიწადში მივიღებთ ასობით ათას ადამიანს, ვისაც ექნება პროფესია. პრაქტიკულად, ამ სისტემაში არის სერიოზული პრობლემები. უმუშევრობამ მოიმატა 50 000 ადამიანით და ეს რიცხვი იზრდება. თუნდაც ეს კოლეჯი რომ არის გაჩერებული, არის უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას, კოლეჯის ხელმძღვანელობამ უპასუხა, მათი თქმით კოლეჯი უკანონოდ იქნა აშენებული:
"სტუდენტები, რომლებმაც აქ სწავლა გააგრძელეს, აღმოჩდნენ მოტყუებულები, რადგან კოლეჯი არაავტორიზებული იყო. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ კოლეჯმა გააგრძელოს საქმიანობა, ამისთვის აუცილებელია ავტორიზაცია. სამწუხაროდ, კანონის ეს მოთხოვნა არ იყო დაცული.
შენობა უკანონოდ აშენდა, რადგან მიწა ეკუთვნის სხვა ორგანიზაციას. ჩემი ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია არის "ვისოლი". შენობა აშენდა, დაიხარჯა დიდი თანხა და სამწუხაროდ, ისე გამოჩნდა, რომ ეს იყო არჩევნებისთვის განსაზღვრული მორიგი პიარ აქცია", - აცხადებენ კოლეჯში.