
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი პრეს-მდივნის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ–ის სურვილია, ქართველები წინ იხედებოდნენდა არა უკან.
ამის შესახებ ნულანდმა სენატში, სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯი შაჰინის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შაჰინმა საქართველოს წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებების გამო შეშფოთება გამოთქვა, ამასთანავე დაინტერესდა ნულანდის შეფასებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, რათა მან უბიძგოს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისკენ ნაბიჯების გადადგმისკენ:
"ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას, საქართველომ ბოლო წლებში წინსვლას მიაღწია, გასული წლის არჩევნების ჩათვლით, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება, მრავალპარტიული, ენერგიული პარლამენტის ჩამოყალიბება, მედიის მეტი თავისუფლება, პოლიციასა და ციხეში წამების აღმოფხვრის მცდელობა და აღებული საგარეო კურსის გაგრძელება, არავის სურს საქართველოს უკუსვლა იხილოს.
კარგად გვესმის, რომ ამ მთავრობამ წარსულის დანაშაულების გამოსწორების დაპირებით გაიმარჯვა, თუმცა, ჩვენ მყარად გვჯერა კანონის უზენაესობისა და ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების, თუნდაც პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმის შენიღბვის მცდელობა. დაცული უნდა იყოს სრული გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის სათანადო პატივისცემა, რადგან მთელი მსოფლიო აკვირდება და ეს უშუალოდ ეხება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ყველა ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი, რასაც ჩვენც მხარს ვუჭერთ.
ამრიგად საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეკონომიკის მდგომარეობა გვაღელვებს, ჩვენ გვინდა, რომ ქართველები წინ იხედებოდნენ და არა უკან", - აცხადებს ნულანდი.