
საქართველოს თავდაცვისა და შსს-ს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და მასთან ეღტად ბრალდებული სხვა პირების პროცესში ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმის ზვიად აბესაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ინფორმაციას ამის შესახებ "პრაიმტაიმი" აქვეყნებს და სარჩელის ავტორთან, ყოფილ პოლიციელ გელა მებონიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მებონია ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს.
გელა მებონია:
"10 ივლისს მე და ჩემი 16 წლის ვაჟი ვმოძრაობდით ჩემი ავტომანქანით კოსტავას ქუჩაზე., სანაპიროს მიმართულებით. "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანას აუდუღდა წყალი, იქვე მდებარეობს სადღეღამისო სამრეცხაო, გამოვცვალე წყალი და ველოდებოდი ძრავის გაციებას. მანამდე იქვე მდებარე ღამის კლუბ "ორ პალმაში" შევედი წყლის საყიდლად, სადაც შემხვდა ჩემი მეგობარი.
შემომთავაზა, ყავა დავლიოთო. 5 წუთში მესმის გინება და უწმაწური სიტყვები, შენობაში შემოდის პიროვნება, ვინმე ზაზა აბესაძე, რომელიც გვაგინებდა იქ მყოფებს. დამშვიდებისკენ მოვუწოდე, რა დროსაც სახეში მოულოდნელად სახეში მუშტი დამარტყა და წამიერად გონება დავკარგე. ეს პიროვნება იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ალბათ, გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ წინა ხელისუფლების დროს მე ვმონაწილეობდი ამ კლუბის დახურვაში, რადგან რეალურად ეს გახლავთ პროსტიტუციის ბუდე. ეს კლუბი ეკუთვნოდა და ამჟამადაც ეკუთვნის მის ძმას, ზვიად აბესაძეს, რომელიც გახლავთ ცნობილი კრიმინალი", - ამბობს გელა მებონია და აცხადებს, რომ ზაზა აბესაძემ მას წაქცეულს წიხლები ურტყა.
მისივე თქმით, ეს კლუბი, რეალურად, პროსტიტუციისა და ნარკომანიის ბუდეა, სადაც ნარკოტიკები და დანები ტრიალებს. მისივე თქმით, ზვიად აბესაძე "კრიმინალი და ბორდელის რეალური მეპატრონეა":
"ეს პიროვნება წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობაზე, ქონების გამოძალვასა და თაღლითობაზე. სამწუხაროდ, დღეს მან დაიბრუნა ჩამორთმეული ქონება და აგრძელებს პროსტიტუციისა და კრიმინალის ხელშეწყობას. მისი ერთ-ერთი ბორდელის დახურვაში თავად ვმონაწილეობდი, ამიტომ კარგად მიცნობდა. დამირეკა და მეუბნება: შე ძაღლო, ვერ ხვდები, რომ შენი დრო დამთავრდა, ფეხებზე მკიდია შენი პატრულიც და პოლიციაც, 5 წუთში მოვდივარ და მანდ დამხვდი, ორ პალმას შორის უნდა დაგმარხოო."
ყოფილი პოლიციელის თქმით, სწორედ მაშინ, როცა ადგილზე მისული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მიმდინარეობდა მისი დაკითხვა, ადგილზე გამოჩნდა ზვიად აბესაძის ჯიპი, საიდანაც თავად აბესაძე და სამი შეიარაღებული პირი გადმოვიდნენ:
"საერთოდ არაფრად ჩათვალა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, დაიწყო კვლავ გინება და შეტევა ჩემზე. ცდილობდა ჩემს პროვოცირებას, მაგრამ არ წამოვეგე. პოლიციის თანამშრომელს ვთხოვე, დამატებითი ეკიპაჟები გამოეძახა, ისინიც სამ წუთში მოვიდნენ, თუმცა ვერც ამან შეაკავა, მოკვლით მემუქრებოდა და ტრაბახობდა - ბიჭო, შენ არ იცი, რომ არჩილ კბილაშვილი ჩემი მეგობარია, ვერ ხედავ, მისი დაცვა დამყვება, დედას გიტირებო...", - ამბობს "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში მებონია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.