
საქართველო, თავისი ფესვებით, ერთერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა და ევროპა ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია, ამიტომ ვერც ერთი თაობა და პოლიტიკური ძალა ვერ მიიჭერს მას განსაკუთრებულ დამსახურებად,
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, „საქართველოს ევროპული გზის“ კონფერენციის გახსნისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ევროპული სტრუქტურების ძალიუსხმევაზე გააკეთა აქცენტები, მათ მადლობა გადაუხადა საქართველოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია:
„ჩვენი დასავლეთი პარტნიორების განსაკუთრებული აქტიურობა იმას მიანიშნებს, რომ სულ უფრო იზრდება დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი სტიმულია ჩვენი ქვეყნისთვის. ამგვარი ღონისძიება მეათედ იმართება, თუმცა ეს პირველია ახალი მთავრობის პირობებში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ხალხს კარგად ესმის, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ის ერთადერეთი გზაა, რომელიც დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ქვეყანას. ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერც ერთი თაობა და პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს ამას განსაკუთრებულ დამსახურებად, რადგან ამ არჩევანს თავისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს. საქართველო, ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურითა და ღირებულებებით. ბატონებო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და სათავეში მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელსაც დასახული აქვს ჩვენი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების რეალური განხორციელება. ჩვენი მიზანია ხელი შევიწყოთ აქტიური ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროპის მთავარ დამსახურებად არა მშვიდობის შენარჩუნება, არამედ თანასწორუფლებიანობა დაასახელა და განაცხადა, რომ საქართველოს წორედ აქეთკენ ისწრაფვის:
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს. გარწმუნებთ, საქართველოში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე – განურჩევლად სექსუალური თუ რელიგიური კუთვნილებისა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს.