
კომპანია „ალგორითმის“ მფლობელი გიორგი კორახაშვილი აბსურდულს უწოდებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნას იმის თაობაზე, რომ შსს-მ ტექნიკა კომპანიისგან 30%-იანი ფასნამატით იყიდა.
როგორც გიორგი კორახაშვილმა განაცხადა, აუდიტის სამსახურს ამ დასკვნის გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს, როცა საქმის დეტალები საბოლოოდ გაირკვევა და ანგარიშფაქტურებს წარადგენს, თუმცა, ჯერჯერობით სამართალდამცველებს მისთვის არ მიუმართავთ.
„სისულელეა, რომ 30%-იანი ფასნამატით მივყიდეთ, პირიქით, იმ დროს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით 20%-ით იაფად მივყიდეთ და, საბოლოო ჯამში, მოგება 10% დარჩა. როგორც ჩანს, ამათ თვლაც არ იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებდნენ, რომ ტრანსპორტირება, ჩანთები, მანქანის დამტენები, აწყობის ხელფასები, საბანკო გარანიტიები, კომუნალურები - ეს ყველაფერი ხარჯია. რაც შეეხება პირდაპირი შესყიდვის გამოყენებას, ახლაც ვიგებ ტენდერებს და ზოგჯერ პირდაპირი შესყიდვებითაც ყიდულობენ საქონელს, ახლა თუ არაა პრობლემა, მაშინ რატომ იქნებოდა?“, - ამბობს გიორგი კორახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, შსს-ს ცენტრალურმა აპარატში 2011-12 წელს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოთხოვნების დარღვევის ფაქტებია აღმოჩენილი. კერძო კომპანიებისგან გარკვეული შესყიდვები განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის გზით, რის მიზეზადაც სახელდებოდა შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ როდესაც მსგავსი აუცილებლობა არ არსებობდა.
კერძოდ, 2011 წლის ნოემბრში შპს "ალგორითმისგან" ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამინისტრომ 5000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 2 მლნ 775 ათას ლარად შეისყიდა. ასევე 2012 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში შპს “ალგორითმმა” გაიმარჯვა, რომელიც იყო ერთადერთი პრეტენდენტი და ამ შემთხვევაში, მისგან შეძენილია 2000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 1 მლნ 100 ათას ლარად.
შპს "ალგორითმმა" შსს-ს პროდუქცია 30%-იანი ფასნამატით მიჰყიდა, რამაც ჯამურად 749 000 ლარი შეადგინა, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.