
,,მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ნიღბავს თავის დაუოკებელ წყურვილს, რომ დაანგრიოს რაბათი", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურ მიმართვაში, რომლითაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მარინა მიზანდარის განცხადებას გამოეხმაურა.
,,საქართველოს მთავრობამ მოითხოვა მანდატი თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებაზე იმ თემაზე, რომ დაანგრიოს რაბათის ელემენტები, მათ შორის გუმბათი და მას მიაშენოს ოთხი დიდი მინარეთი - პრაქტიკულად, ამაზეა საუბარი იმის სანაცვლოდ, რომ თურქეთში რაღაცეები გავაკეთოთ. მე შევხვდი თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანს, რომელმაც მითხრა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს რაბათის გუმბათის მიმართ და იგივე გაიმეორა თურქეთის პრეზიდენტმა. იქ რაღაც დეტალებზე შეიძლება ლაპარაკი და რომ ის დაუშვებდა დაუყოვნებლივ ქართველ სპეციალისტებს იშხანში. ამიტომ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ნიღბავს თავის დაუოკებელ წყურვილს, რომ დაანგრიოს რაბათი მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ვანო მერაბიშვილის და ჩემი აშენებული, იმით, რომ თურქეთში ქართული ძეგლები უნდა გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქართული კულტურის, ისტორიის და რელიგიის ძეგლები თურქეთში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაინგრეს რაბათის თუნდაც ერთი შენობა მაინც. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციაში თურქული მხარის სრული გაგება გვაქვს, პრობლემა ამ შემთხვევაში არის თბილისში, მთავრობაში და არა ჩვენს მოლაპარაკებებში თურქეთთან. ჩვენ ამ საკითხებზე თურქეთთან გვქონდა კონსტრუქციული ურთიერთობები და პრაქტიკულად, შეთანხმებული ვიყავით მთავარ პრინციპებზე. სამწუხაროდ, ახლა ეს ყველაფერი აირია", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარინა მიზანდარის განაცხადებით, იშხნის მონასტრის რესტავრაციაში ქართველი სპეციალისტების ჩართვა პრეზიდენტის მიზეზით ჭიანურდება. მიზანდარის გაცხადებით, სააკაშვილი ორი ქვეყნის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით თურქეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ხელს არ აწერს.