
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი გიორგი საბანაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის ნაცვლად "ფონდი ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი დაინიშნა.
ორგანიზაციაში ცვლილებას ადასტურებენ, თუმცა, არა ასახელებენ მიზეზებს, რის გამოც გიორგი საბანაძის ჩანაცვლება გახდა საჭირო. ამასთან, „მოქალაქეში“ განმარტავენ, რომ გიორგი საბანაძე მუშაობას გუნდთან ერთად გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი საბანაძის შეცვლის აუცილებლობაზე გაზეთი „ალია“ ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში წერდა და მიზეზად იმას ასახელებდა, რომ „მოქალაქის“ აღმასრულებელ დირექტორს ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად მიაჩნდა.
ამავე დროს, გაზეთი არ ასახელებდა წყაროს, საიდან შეიტყო ეს ინფორმაცია და მისი გამოქვეყნების მიზეზად „აღშფოთებული მოქალაქეების“ სატელეფონო ზარებს მიუთითებდა.
სტატიის სათაური იყო: „რა სკანდალი მწიფდება ღარიბაშვილის გარშემო?იცის ღარიბაშვილმა, თანაშემწედ ვინ შეუგზავნეს?", სადაც ავტორი წერდა:
„ჩემს ტელეფონზე არ წყდება აღშფოთებული მოქალაქეების ზარი. აი, რასაც აცხადებენ და როგორ ახასიათებენ ისინი საბანაძეს:
"საბანაძე არის გაქანებული "მიშისტი", თუმცა არა აგრესიული, ის არის გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის იდეების მიმდევარი, ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი.
ამას წინათ საერთო მეგობრის წვეულებაზე დაგმო და გააკრიტიკა ხელისუფლება და დაიცვა ივანე მერაბიშვილი, რომელზეც თქვა, რომ ის ამ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია და სულ ტყუილად ზის ციხეში, ივანიშვილის პირადი პატიმარია, ხომ ხედავთ, ბრალს ვერ უმტკიცებენო".