
პროკურატურამ ახალი მძევალი აიყვანა, - ამის შესახებ ექსპერტ ლევან ჩაჩუას დაკავებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ელექტრონიკასავით მთელი საქართველო ჰაკიმ ფაშას (ღარიბაშვილს) დენზე ჰყავს მიერთებული. ღამის 12 საათზე ბრიფინგის დანიშვნა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, მუდმივ დაძაბულობაში, საგიჟეთში აცხოვრონ ადამიანები.
პროკურატურამ ახალი მძევალი აიყვანა. თქვენ თავად ხართ ამ საქმეზე თქვენივე შექმნილი ყალბი გარემოებების და დაპირებების მძევლები და ახლა უშედეგოდ ეძებთ გამოძრომის გზას. ცუდია, რომ ამ გზაზე არანაირ სიმდაბლეს არ ერიდებით. პროკურატურიდან სურათების გამოპარებისა და გავრცელების ჩათვლით", – წერს ნადირაშვილი .
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა.
გარდაცვლილი ჟვანიასა და უსუპოვის კადრების გარცელების შემდეგ ჩაჩუამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს ისეთი დაზიანებები, როგორიც ფოტოებზე ჩანს არ აღენიშნებოდა.