-
2013-07-11 14:21
10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
"ნდობა გვაქვს დაკარგული, გამომძიებლებს უნდობლობას ვუცხადებთ. თუ ვერ იძიებენ საქმეს ღარიბაშვილის გამოყოფილი გამომძიებლები, გადაეცეს ის პროკურატურას, თუმცა ამაზეც უარი მივიღეთ. ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ გამოვიძიებთო, მაგრამ ამას რის საფუძველზე იძახის, როცა გამომძიებლებს ვურეკავთ და არანაირ დამაიმედებელს არ გვეუბნებიან", - განუცხადა ჟურნალისტებს დაღუპული ჩვილის დედა თათია მექერიშვილმა.
ამასთან, ის შს სამინისტროს სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის მიზნით უწყებაში ოჯახის წევრთა მოტყუებით მიყვანაში ადანაშაულებს.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდით, მაგრამ გვითხრეს, მთავრობის პირს უნდა თქვენთან შეხვედრაო. წაგვიყვანეს მოტყუებით და დაგვსვეს სიცრუის დეტექტორზე", - აღნიშნა ბარბარე რაფალიანცის დედამ.