,,მაშინ, როცა გლიცინია ყვავილობას დაასრულებს, პირველ სტუმრებს დაველოდებით“ - გლიცინიამ ყვავილობა დაასრულა და 12 მაისს, იმერეთს, კერძოდ ბაღდათს ტურისტულად საინტერესო სივრცე - ,,კაფე გლიცინია“ შეემატა.
"ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მყარად მიწაზე მხოლოდ ამ ქალაქში ვდგავარ...", - ამბობს ფოტოგრაფი გიორგი ცაავა, რომელიც საცხოვრებლად, ოჯახთან ერთად, ბაღდათში გადავიდა.
ფოტოგრაფმა მეუღლესთან - ნათია ფურცელაძესთან ერთად საკუთარი ხელებით შექმნა სივრცე, რომელზეც ერთ დროს, თურმე, ორივე ოცნებობდა. ,,კაფე გლიცინია“ - ადგილი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები დროს საინტერესოდ ატარებენ - ესწრებიან სალონურ შეხვედრებს და აგემოვნებენ სპეციალურად მათთვის მომზადებულ კერძებს.
კაფეში შექმნილი ინტერიერითა და გამორჩეული კერძებით, რომელიც ევროპულთან ერთად, იმერულ ეშხსაც ინარჩუნებს, სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
როგორც მასპინძლები ამბობენ, გეგმები დიდი აქვთ - ახლა კი სრული დატვირთვით მუშაობენ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებზე.